ლეიბორისტები რუსეთთან დიალოგს გეგმავენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 17 ნოემბერს გამოაცხადა მისი პარტიის გადაწყვეტილება დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან.

”საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყებად, საქართველოს დაშლის მიმდინარე ტენდენციის სასწრაფოდ შესაჩერებლად, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ წრეებთან,”- განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დიალოგის მთავარი თემა იქნება ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ”ეკონომიკური, სავაჭრო, ბიზნეს ურთიერთობათა სრული აღდგენა, ადამიანთა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის გარანტირება”.

15 ნოემბერს  რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, მაგრამ არა სააკაშვილის ”რეჟიმთან”. აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით გაწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)