ტყეშელაშვილი ”პირდაპირ მუქარას” უწოდებს სერდიუკოვის განცხადებას
”პირდაპირი მუქარა” უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდას და ნატოში ინტეგრაციას შესაძლოა იმაზე უარესი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე აგვისტოს მოვლენები იყო.
”რუსეთი დღეს არ ერიდება არამარტო საქართველოს მიმართ მუქარის გამოხატვას არამედ არ ერიდება მუქარის გამოხატვას ევროპის მიმართაც,” – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, ”სამწუხაროდ” რუსეთის პოლიტიკის კონსტრუქციულ ჭრილში გადასვლის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
”თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე მსოფლიოში რამდენადაც არ უნდა ეცადოს რუსეთი საბჭოთა კავშირად ჩამოყალიბებას, ის ნამდვილად ვერ შეძლებს ამას,”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)