აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე საპარლამენტო კომისიამ დაკითხა

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ 22 ნოემბერს საპარლამენტო კომისიას, რომელიც აგვისტოს მოვლენებს სწავლობს, განუცხადა, რომ ის ომის პერიოდში კოდორის ხეობაში არ იმყოფებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”შესაძლებლობა იმისა, რომ ზემო აფხაზეთზე განხორციელებულიყო იერიში, არსებობდა”. მისი თქმით, როგორც კი 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ვითარება გამწვავდა, ლეგიტიმური მთავრობა, რომლის შტაბ-ბინაც ოფიციალურად კოდორის ხეობაში იყო განთავსებული, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

მისი თქმით, ის 8 აგვისტოს 15 საათზე გაემგზავრა თბილისიდან კოდორის ხეობაში, თუმცა იმის გამო, რომ დაღამებამდე ვერ მოასწრებდა ჩასვლას, ღამე აჭარაში გაათენა, რათა  ”აქედან მომხდარიყო კოორდინაცია”. აქიშბაიამ განაცხადა, რომ ის უკვე 9 აგვისტოს ჩავიდა ზუგდიდში, ”მაგრამ ვერ შევძელით ასვლა კოდორის ხეობაში”. მისი თქმით, კოდორის ხეობასთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა.

”ზუგდიდში მივიღეთ სატელეფონო ზარი, რომ 13.30-დან 15:30 საათამდე მოხდა პირველი დაბომბვა. 10 აგვისტოს უკვე დაიწყო ხეობის ინტენსიური დაბომბვები. ჩვენ ველოდებოდით მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა ავსულიყავით ხეობაში,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ 11-13 აგვისტოს კვლავ ბათუმში ჩავიდა დევნილთათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების კოორდინირების მიზნით. საპარლამენტო კომისიამ ყველაზე მეტი შეკითხვა აქიშბაიას სწორედ კონფლიქტის პერიოდში  მის ადგილსამყოფელზე დაუსვა. კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ აქიშბაიამ თავისი ჩვენებით უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ის მაშინ თურქეთში იმყოფებოდა.

დავითაიას შეკითხვაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება კოდორის ხეობიდან ევაკუაციის თაობაზე, აქიშბაიამ უპასუხა: შსს-ს მხრიდან გაიცა ბრძანება, რომ 9 აგვისტოს დაწყებულიყო მოსახლეობის გამოყვანა. თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ეს არ იყო ბრძანება, არამედ ”სიტყვიერი შეთანხმება” და დაასახელა შსს-ის წარმომადგენლის სოსო ქარჩაიძის ვინაობა, ვინც კოორდინირებდა კოდორის ხეობაში მყოფ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელთან მევლუდ ჯაჭვლიანთან. აქიშბაიამ ვერ დაასახელა, თუ რა თანამდებობაზე იყო ქარჩაიძე, რის შემდეგაც კომისიამ საკითხის დახურულ რეჟიმში მოსმენის გაგრძელება გადაწყვიტა.

აქიშბაიამ ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დროს კოორდინაცია ჰქონდა უშიშროების საბჭოს მდივანთან კახა ლომაიასთან და დაზვერვის სამსახურის უფროსთან გელა ბეჟუაშვილთან. თუმცა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არც ბეჟუაშვილს და არც ლომაიას მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომისიის ანალოგიური კითხვების საპასუხოდ.

აქიშბაიამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობის წევრები და თანამშრომლები კოდორის ხეობაში როტაციული პრინციპით იმყოფებოდნენ. აგვისტოს მოვლენების დროს კი ხეობაში ამ პრინციპით სულ 12 ადამიანი, მათ შორის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავიაც იყო.

მისი თქმით, კოდორის ხეობიდან დევნილთა პირველი ნაკადი 9 აგვისტოს გამოვიდა და დევნილთა განსახლების პროცესმა 17 აგვისტომდე გასტანა. მისივე ინფორმაციით, იმ დროისათვის ხეობაში დაახლოებით 2 500 ადამიანი იმყოფებოდა. აქიშბაიას განცხადებით, ხეობაში სულ 28-მდე ადამიანი, ძირითადად მოხუცები დარჩნენ.

”ჩვენ ყველა ადამიანს მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ, რომ გამოსულიყვნენ,”- განაცხადა მან, ”ჩვენი ამოცანა იყო ამ ადამიანების დაბინავება და ჰუმანიტარული ტვირთით უზრუნველყოფა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)