კიწმარიშვილს ”რუსთავი 2”-ის დაბრუნება სურს
ეროსი კიწმარიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების მიზნით.
ამის შესახებ დღეს კიწმარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის ბიუროს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”უახლოეს ხანში სარჩელს შევიტან სააკაშვილის წინააღმდეგ მოთხოვნით დამიბრუნოს ჩემი წილი ტელეკომპანიაში, რომელიც ჩამომართვეს 2004 წელს,”- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა, ”ეს წილი მაშინვე გადაეცემა ჟურნალისტთა გაერთიანებას. მე ვიმუშავებ მენეჯმენტზე”.
2004 წელს, როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, კიწმარიშვილმა თავისი აქციები მიყიდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი იყო. კიწმარიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აიძულეს აქციები დაეთმო. ადრე მას ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.
2006 წელს მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, ტელეკომპანიის მესაკუთრე კვლავ შეიცვალა. 2006 წლის ნოემბერში ტელეკომპანიის ახალი აქციონერი გახდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომლის მფლობელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დავით ბეჟუაშვილია.
2007 წელს გაირკვა, რომ ტელეკომპანიის 55%-ის მფლობელია ოფშორული კომპანია ”გეომედია გრუპი”, ხოლო დანარჩენის მფლობელია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი.
კიწმარიშვილმა 2008 წლის 7 ნოემბერს განაცხადა, რომ პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი იდგა ოფშორული კომპანიის უკან და იგი ასევე იყო მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ”გეომედია გრუპის” აქციებზე წარმომდგენი.
წელს კიდევ ერთხელ მოხდა აქციების გადანაწილება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი აქციების 30%-ის მფლობელი გახდა, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილში. წერილის თანახმად, აქციების 15-15% დათმო ”რუსთავი 2”-ის ორმა დამფუძნებლებმა – ”გეომედია გრუპმა”, რომელიც ამჟამად, ნაცვლად ადრე არსებული 55%-ისა, კომპანიაში აქციების 40%-ს ფლობს და საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელსაც 45%-ის ნაცვლად აქციების 30% დარჩა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)