ომის შემსწავლელმა კომისიამ მერაბიშვილს მოუსმინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 26 ნოემბერს განუცხადა, რომ მხოლოდ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას შეეძლო ომის თავიდან აცილება.

მინისტრი კომისიას ჩვენებას სამი საათის განმავლობაში აძლევდა და მან თავისი გამოსვლა დაიწყო სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციით – ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით, სადაც ასახული იყო ის ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა გაზაფხულიდან კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის სამხედრო კონტიგენტებისა და შეიარაღების ზრდა და ადგილი ჰქონდა პროვოკაციების სერიებს ორივე – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის – მიმართულებით.

ქვემოთ მოცემულია მერაბიშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

  • მერაბიშვილმა წარმოადგინა ქართული მხარის მტკიცებულებები – სატელეფონო ჩანაწერები – სადაც ოსურ ენაზე საუბარია 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზე როკის გვირაბის გავლით რუსული ტექნიკის შემოსვლის თაობაზე. მე რუსული ტანკების შემოსვლა გავიგე 15 წუთში, რაც ეს სატელეფონო საუბარი შედგა. ამას ონლაინ რეჟიმში უსმენდა ოსურის მცოდნე თანამშრომელი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსული ძალები აკონტროლებდნენ საზღვარს. ამის შესახებ ვაცნობე უშიშროების საბჭოს წევრებს. ამ ეტაპზე მე უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს იყო აგრესია.
  • გორში მყოფი გადამტანი ოპერატორების მეშვეობით განხორციელდა ეს ჩანაწერი და იმ დროს არ მოხდა მისი დაარქივება. ჩვენ გვქონდა 4 ათასზე მეტი საინტერესო ჩანაწერი. კონკრეტულად ამ ჩანაწერს ვეძებდით დიდი ხნის განმავლობაში. გარკვეული დრო დასჭირდა ამ მოსმენების მოძებნას და თარგმანს, განაცხადა მერაბიშვილმა კომისიის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ დაგვიანდა ამ მტკიცებულების გამოქვეყნება.
  • მას შემდეგ რაც რუსულმა რეგულარულმა ჯარებმა როკის გვირაბის გავლით დაიწყეს საქართველოში შემოსვლა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დაცვის და მოწინააღმდეგის შეჩერების მიზნით კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ. 
  • უწყვეტი კოლონა როკის გვირაბიდან შემოდიოდა დაწყებული 7 აგვისტოს ღამის 3 საათიდან კიდევ მინიმუმ 15 დღის განმავლობაში. ამ კოლონის პირველმა ნაწილმა ცხინვალის მისადგომებს მიაღწია 8 აგვისტოს დილის 10 საათზე და სწორედ ისინი იქნენ დანადგურებული ქართული ბომბდამშენების მიერ. ისინი საკმაოდ ნელა მოძრაობდნენ.
  • ძირითადი მიზანი იყო რუსული ტექნიკის გადაადგილების შეჩერება ჯავასთან მაინც, მეორე ეს იყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა და მათი გამოყვანა შეუძლებელი იყო შემოვლითი გზით, რადგან ხდებოდა ამ გზის საარტილერიო დაბომბვა. ცხინვალში შესვლის მთავარი მიზანი იყო დიდი ლიახვის ხეობის მოქალაქეების გადარჩენა და საცეცხლე წერილების ჩახშობა.  ჩვენი გეგმა იყო ჩვენი დანაყოფების მაქსიმალური ჩართვა ოპერაციაში.
  • ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, ერთადერთი რაც შეიძლება იყოს –  ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ. ერთი დღით ადრე შეგვეძლო, რომ დაგვეწყო. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი იქნებოდა ის, რაც დღეს გვაქვს.
  • მინიმალური ძალები იქნა ჩართული ცხინვალის ქუჩების დაკავებაში. ცხინვალის ოპერაციაში რამოდენიმე ტანკი იქნა გამოყენებული, ძირითადად პოლიციისა და შეიარაღებული ძალების სპეც-დანიშნულების რაზმები იბრძოდნენ.
  • 8 აგვისტოს 15-18 საათზე შუალედში გაკეთებული იყო კორიდორი, რაც ითვალისწინებდა ცხინვალში და ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების ერგნეთიდან გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გვაკრიტიკებენ,  სამხედრო თვალსაზრისით ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ისარგებლა კიდეც ამ კორიდორით.
  • უკვე 8 აგვისტოს საღამოდან რუსეთის მცირერიცხოვან დანაყოფებს ვამჩნევდით [საბრძოლო მოქმედებებში], ხოლო 10-11 აგვისტოს უკვე მასიური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
  • პირველი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდგეს ოსებმა და ეს გადაიცა რუსულ არხებზე, როგორც ქართული თვითმფრინავის ჩამოგდება და მათ ჩაქოლეს სამხედრო მფრინავი.
  • მე [საომარი მოქმედებების დროს] 80% ვიყავი გორში პოლიციის შენობაში, იშვიათად ხდებოდა ჩემი იქიდან გამოსვლა.
  • 9-12 აგვისტოს, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, ხორციელდებოდა კოდორის დაბომბვა, პრაქტიკულად არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო –  ვგულისხმობ პოლიციელები და სპეცდანიშნულების რაზმები –  კოდორში არ გარდაცვლილა. კოდორის ხეობაში 600-ზე მეტი ჭურვი ჩამოვარდა.
  • კოდორის ხეობის აღება ქვემოდან [სეპარატისტების მხრიდან] თითქმის შეუძლებელი იყო, თუ არ მოხდებოდა დესანტის გადასხმა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსულმა ტექნიკამ გადმოლახა ენგური და ნაწილი დაიძრა სენაკისკენ და ნაწილი სვანეთის მიმართულებით, ჩვენ შევაფერხეთ მათი გადაადგილება გზაზე აფეთქებებით, მაგრამ ჩვენ ყველა გზის დაბლოკვა არ შეგვეძლო და ჩვენი მცირერიცხოვანი გასამხედროებული ნაწილები ექცეოდნენ ალყაში. კოდორის ფრონტის მომარაგება რჩებოდა ჩაკეტილი და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჩვენ მებრძოლებს დიდი ხნით გაეძლოთ შემოტევისთვის სვანეთის მიმართულებიდან. ჩვენ ორგანიზებულად დავიწყეთ ყველა კოდორის მცხოვრების ევაკუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყვანეთ ჩვენი დანაყოფები. ზურგის გარეშე იქ შეუძლებელი იქნებოდა დანაყოფების შენარჩუნება, მითუმეტეს ჩვენ არ ვიცოდით, თუ სადამდე მოდიოდნენ რუსები და პრაქტიკულად, ეს ხალხი  – 300-400 პოლიციელი – იყო განწირული ტყვედ ჩავარდნისთვის, რაც მორალურად ძალიან ცუდად იმოქმედებდა. ასეთ ვითარებაში საჰაერო გზით მომარაგება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
  • კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩემს მიერ იმიტომ, რომ იქ მხოლოდ შსს-ს დანაყოფები იყვნენ და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ოპერატიულად, შეგახსენებთ ამ დროს მძიმე სიტუაცია იყო თბილისთან, გორში და სამეგრელოში.  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი სიმონ ქარჩაიძე იყო ჩემს მიერ დანიშნული კოდორის ხეობაში კოორდინატორად.
  • კოდორის ხეობაზე შეტევის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე სოხუმის მოთხოვნით იქნენ გაყვანილი გაეროს დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან. გაეროს დამკვირვებლები თავისი სიცოცხლის რისკის ფასად მაინც უნდა დარჩენილიყვნენ და დაეფიქსირებინათ ეს დარღვევები, თუმცა ჩემდა გასაკვირად, მათ დატოვეს ხეობა.
  • 10 აგვისტოს გალში, რუსული მონაცემებით, 9 ათასი რუსი სამხედრო იმყოფებოდა, ჩვენი მონაცემებით მათი რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იყო, ხოლო მძიმე ტექნიკის რაოდენობა 900 ერთეული იყო. მე არ ვიცი ეს დაფიქსირებული აქვთ თუ არა გაეროს დამკვირვებლებს.
  • მე პირადად ვნახე ჩემი თვალით რუსული მძიმე ტექნიკის 50 ერთეულიანი კოლონა ლარსთან, ასევე დაღესტან-საქართველოს საზღვარზე შევნიშნეთ ასევე კოლონა და გზა ავაფეთქეთ, შემოტევის შანსი აქედან უფრო დიდი იყო. ამავე დროს გამორიცხული არ იყო ფოთიდან დესანტის გადმოსხმა.
  • თბილისის კონკრეტული დაცვის გეგმა არ გაგვაჩნდა და მისი შემუშავება დაიწყო, როცა საფრთხე შეიქმნა. დაახლოებით 12 აგვისტოს საღამოსთვის მობილიზებული იყო გარკვეული რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, რათა შეეჩერებინა რუსული ძალები თბილისში შემოსვლისაგან. ეს საფრთხე იყო საკმაოდ სერიოზული.
  • პრეზიდენტი საომარი მოქმედების განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა ადგილზე, მისი უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ იდგა, თუმცა ამაზე მაშინ ნაკლებად ფიქრობდა.
  • 40 ათასზე  მეტმა რუსმა სამხედრომ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში, თუმცა ყველა მათგანი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, 3 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა და 2500 სამხედრო ავტომობილი იყო ჩართული ოპერაციაში.
  • საბრძოლო ოპერაციებში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობა მიიღო 5 ათასამდე პოლიციელმა და 70-მდე დაჯავშნულმა ავტომობილმა ”კობრამ”. ომის დროს 14 ადამიანი დაკარგა პოლიციამ, ხოლო ომის შემდეგ 8 პოლიციელი სხვადასხვა ინციდენტების შედეგად დაიღუპა. ომის დროს დაიჭრა 227 შსს-ს თანამშრომელი.
  • ჩვენი მთავარი ამოცანა იყო იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც იყვნენ ალყაში დიდი ლიახვის ხეობაში. მათი ევაკუაცია მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა. ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ე.წ. ბუფერულ ზონაში ცხოვრობდა 300-400 ათასი ადამიანი და მათი ორგანიზებული ევაკუაცია შეუძლებელი იყო. გორში პოლიციის დარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ამის საშუალება არ მოგვცეს რუსულმა ძალებმა, რომლებიც ამ რეგიონში განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ იმის გამო, რომ უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სამეგრელოში ევაკუაცია განგვეხორციელებინა რბილად, რათა პანიკა არ გაჩენილიყო. 
  • კითხვაზე შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ომის თავიდან აცილება, მერაბიშვილმა უპასუხა – ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება იყო დასავლეთის უფრო მეტი აქტიურობა და მათი უფრო მეტი ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ. 
  • კოკოითი არ მალავდა, რომ აპირებდა ქართული სოფლების გაწმენდას. ასეთ ვითარებაში რუსეთი მაინც დახატავდა სურათს, რომ ქართველებმა დაიწყეს ოპერაცია. კოკოითი აუცილებლად განახორციელებდა რუსული ძალების დახმარებით ოპერაციას ქართული სოფლების გასაწმენდად. ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას, რომ ღიად მომხდარიყო ქართული სოფლების გასუფთავება და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მოხდებოდა სამხრეთ ოსეთის სახელით და რუსეთი ღიად არ გამოჩნდებოდა.
  • მე ვფიქრობდი, რომ ალბათ რუსეთი ვერ გაბედავს საერთაშორისო იმიჯის გამო ასეთ აგრესიას. ომის ალბათობა არ იყო 100%-იანი, თუმცა იყო 50%-იანი, მაგრამ ჩვენ გვიჭირდა თქმა, თუ როდის განხორციელდებოდა ეს ზუსტად.
  • არათუ აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით არ განიხილებოდა სამხედრო ოპერაცია. აფხაზეთის მიმართულებაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი იმის შემდეგ, რა გამაგრებებიც იყო იქ რუსული შეიარაღებული ძალების.
  • არსებობს კლიშეები ომის პარტია, მშვიდობის პარტია და გაზეთებში ვკითხულობ, რომ ხან ერთი პარტიის წევრი ვარ და ხან მეორის. ეს არასერიოზულია – მერაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარაშვილის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც კომისიას განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი ომის წინააღმდეგი იყო.
  • მინიმუმ 5-ჯერ მაინც ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ სამხედრო გეგმა განგვიხილავს დაძაბულობის დროს.
  • არცერთ შეხვედრაზე, რომელზეც განიხილებოდა სამხედრო-სტრატეგიული საკითხები, კიწმარიშვილი არ ესწრებოდა. სერიოზულად არ მივდგომივარ კიწმარიშვილის განცხადებებს, ის თავის ”ჟურნალისტურ” შეფასებებს აკეთებს. სიმართლე გითხრათ, მისი გუშინდელი განცხადებიდან სერიოზული დასკვნა ვერ გამოვიტანე.
  • 2 ნოემბერს მე ეროსი კიწმარიშვილს არ შევხვედრივარ – კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მან პირველი შეთავაზება რუსეთში ელჩობაზე ვანო მერაბიშვილისაგან სწორედ ამ დღეს მიიღო. მე მახსოვს, რომ იგი შემხვდა დეკემბრის თვეში და მან მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი მისი სახელმწიფო სამსახურში მოსვლის. მაშინ მე მისი საწინააღმდეგო არ მქონია, რადგან მისი რაიმე სახის ურთიერთობაზე რუსეთთან ეჭვები არ მქონდა.
  • ამ ეტაპზე არ გამაჩნია და არ მაქვს რაიმე საფუძვლიანი ეჭვი რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, რომ რაიმე ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა.
  • რუსეთს საქართველოში მინიმალური დასაყრდენი აქვს და ეს ომის დროს გამოჩნდა. მცირე საფრთხე იყო აჭარაში, ასლან აბაშიძის ფაქტორის და მისი მომხრეების გამო. საბედნიეროდ, სამცხე-ჯავახეთში ამ მხრივ საფრთხე იყო მინიმალური. 
  • რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებები თითქმის გაათმაგდა, თუმცა მათი მუშაობა უფრო რთული იქნება, ვიდრე იყო აქამდე. მათი აქტიურობა თვალნათელია, განსაკუთრებით კი ე.წ. ბუფერულ ზონებში. ეს მისია ეკისრება რუს მესაზღვრეებს, რომლებიც რუსეთის უშიშროების სამსახურის სტრუქტურაში შედიან და მათგან დივერსიული საქმიანობის საფრთხეა.
  • კითხვაზე ხომ არ არის მოსალოდნელი რუსული აგრესიის გამეორება, მერაბიშვილმა უპასუხა: უახლოეს დღეებში სამხედრო ოპერაციის განხორციელება ნაკლებ სავარაუდოა. დღეს ცხინვალის რეგიონში არსებული რუს სამხედროთა რაოდენობა არ არის საკმარისი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისათვის, თუმცა არამასშტაბური ოპერაციის განხორციელება ამ ძალებითაც შეუძლიათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროგნოზების კეთება ძალიან ძნელია რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)