კერი ვაშინგტონის რუსეთთან დიალოგის პრინციპებზე საუბრობს

დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც იანვარში აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება, განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია დიალოგი რუსეთთან და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს დიალოგი არ შედგება საქართველოს ”უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე”.

”არჩეულმა პრეზიდენტმა ობამამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩაებას რუსეთთან დიალოგში, რადგან ჩვენ ყველას საერთო ინტერესები გვაქვს,“- განაცხადა კერიმ თბილისიდან გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე 13 დეკემბერს.

”მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს დიალოგი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე; ასევე საქართველოს მოსახლეობის უფლებების და ჩვენი ინტერესების ხარჯზე, რომლებიც ევროპული თანამეგობრობის [ინტერესებთან] უნისონშია,“ – დასძინა კერიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს დიალოგი არ იქნება ნატოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ხარჯზე.

”მე მჯერა, რაომ ჩვენ შევძლებთ ვიქონიოთ კარგი ურთიერთობები რუსეთთან და ამავე დროს აღვადგინოთ ის ბალანსი, რომელიც ამ რეგიონის ინტერესებთან არის დაკავშირებული, ისე რომ სათანადოდ პატივი ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს და ამასთან, პატივი ვცეთ ყველა სახელმწიფოს უფლებებს,“ – განაცხადა კერიმ, ”ასე რომ, არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზე ჩვენ ვიწყებთ დიალოგს რუსეთთან, რუსეთს ესმის ეს.“

აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე კერიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან აიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებებით.

”ჩემი შეფასება ასეთია, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას პატივი უნდა ვცეთ. ხოლო ის შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთმა ხელი მოაწერა, უნდა შესრულდეს,“ – განაცხადა მან.

”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ იმ დისკუსიზე, რომელიც იმის გარკვევას უკავშირდება, თუ რა როგორ განვითარდა აგვისტოს მოვლენების დროს; ჩვენ ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმ რეალობაზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ადგილზე და იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ასევე იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ის პირობები, რომელშიც დაცული იქნება კანონი და სუვერენიტეტი,“ – განაცხადა კერიმ.

მისი თქმით, იგი კონგრესის მეშვეობით აუცილებლად მიაქცევს მეტ ყურადღებას კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას იგივე გააკეთოს.

კერიმ განაცხადა, რომ აშშ–ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ”ღრმად ერთგული“ დარჩება დახმარება გაუწიოს საქართველოს ”განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკონომიკა ცუდ ვითარებაშია.“

მან თქვა, რომ ეს დახმარება მხოლოდ ეკონომიკას არ მოიცავს და უფრო ფართო ხასიათისაა. ”ეს ეხება საქართველოს მცდელობას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი; დაიცვას საკუთარი ხალხი და იყოს მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია მოიტანოს თავისუფლებამ და დემოკრატიამ,“ – დასძინა კერიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად განიხილავს ვაშინგტონში, მათ შორის არჩეულ პრეზიდენტ ობამასთან, საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების საკითხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)