პუტინი: რუსეთი აწვდის გაზს საქართველოს პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად

საქართველოსთან არსებული პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, რუსეთი კვლავაც ამარაგებს მას გაზით, განუცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 8 იანვარს ჟურნალისტებს, უკრაინასთან გაზის საკითხზე არსებულ უთანხმოებაზე საუბრისას.

”მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ ჩვენ ამ წუთას, დღესაც ვაწვდით გაზს საქართველოს, მიუხედავად ამ ქვეყანასთან არსებული პოლიტიკური პრობლემებისა. საქართველომ კი, სათანადოთ უნდა დავაფასოთ ჩვენი შესაბამისი პარტნიორები, ინფორმაცია მოგვაწოდა ცოტა ხნის წინ, რომ მზადაა განაახლოს სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგება. ჩვენ არ ვუკავშირებთ პოლიტიკურ საკითხებს ეკონომიკურს,”- განაცხადა პუტინმა.

ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ საქართველო არ იღებს გაზს რუსეთიდან.

მისი თქმით, საქართველო მთლიანად მარაგდება აზერბაიჯანული გაზით, მათ შორის შაჰ-დენიზიდან და აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-დან, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხეთაგურმა ნოემბერში ამ კონტრაქტის საფუძველზე განაცხადა, რომ 2009 წელს SOCAR საქართველოს 1.05 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოაწვდის. საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 1.7 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ოფიციალური კომენტარების თანახმად, SOCAR-ის მიერ მოწოდებული გაზი მოსახლეობის უზრუნველყოფას მოხმარდება.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისათვის გაზის მიწოდების საკითხს, ენერგეტიკის მინისტრმა კვლავაც განაცხადა, რომ ქართულ მხარეს გაზმომარაგების აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც აგვისტოს ომის დროს დაზიანებული გაზსადენი სრულად იქნება რეაბილიტირებული. მისი თქმით, ქართველ პერსონალს კვლავაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსაფრთხოების მიზეზების გამო შეაკეთოს დაზიანებული გაზსადენის მონაკვეთი სოფელ დიბრში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)