ცხინვალის გაზსადენის შეკეთება დასრულდა
საქართველოს გაზის გამანაწილებელმა კომპანია ”იტერა-საქართველომ” განაცხადა, რომ ის მზად არის განაახლოს გაზის მიწოდება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის, თუმცა ამისთვის კომპანიას საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ნებართვა სჭირდება.
კომპანიის წარმომადგენელმა 21 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ”ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა” გაზმომარაგების განახლებისთვის, რომელიც აგვისტოს ომის დროს გაზსადენის დაზიანების გამო შეწყდა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის სპეციალური ნებართვაა საჭირო იმ კომპანიისთვის, რომელიც კომერციულ საქმიანობას აწარმოებს სეპარატისტულ რეგიონებში, როგორც ამას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მოითხოვს. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო. 21 იანვარს Civil.Ge-სთან საუბრისას ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება ამგვარი ნებართვის გაცემა ”იტერა-საქართველოსთვის”.
სეპარატისტული რეგიონის ბუნებრივი აირის ქსელი საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ გაზსადენს აგარა-ცხინვალის გაზსადენით უერთდება, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 17 კილომეტრს შეადგენს.
აგარა-ცხინვალის გაზსადენი აგვისტოს ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს; კერძოდ, 8 აგვისტოს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კორპორაციამ, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიაა, გაზის მიწოდება შეწყვიტა გაზსადენზე სერიოზული გაჟონვის შემდეგ.
გაზსადენი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს, სოფელ დირბთან დაზიანდა – იმ ადგილას, ”სადაც კონფლიქტის დროს დიდი ზომის მანქანები და ტანკები გადაადგილდებოდნენ,” ნათქვამია ეუთოს მოხსენებაში.
გაზის მიწოდების შეწყვეტა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების წყარო გახდა. რუსულმა მხარემ თბილისი ”არაჰუმანურ ქმედებაში” დაადანაშაულა განაცხადა რა რომ ქართულმა მხარემ განზრახ შეწყვიტა გაზის მიწოდება ცხინვალისთვის. ამის საპასუხოდ, თბილისმა მოსკოვი ”დემაგოგიურ კამპანიაში” და საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა. თბილისი აცხადებდა, რომ მზად იყო დაუყონებლივ შეეკეთებინა გაზსადენი, როგორც კი უზრუნველყოფილი იქნებოდა მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების გარანტიები, რადგანაც სოფელი დირბი ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, საბერძნეთმა 12-13 იანვარს თავისი სპეციალური წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი გამოაგზავნა თბილისსა და ცხინვალში საკითხის განსახილველად. მას ასევე ახლდა ავსტრიელი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელსაც ევალებოდა გაზის მიწოდების და გაზსადენის ტექნიკური ასპექტების შეფასება.
ექსპერტის მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, რომელიც Civil.Ge-მ იხილა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კორპორაციამ გაზსადენის შეკეთება 15 იანვარს დაიწყო და უკვე 16 იანვარს მისი შეკეთება დაასრულა და ამჟამად მილი მზად არის გაატაროს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)