ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შესახებ
რუსეთის ხელისუფლებას აგვისტოს ომის შედეგებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია ანტირუსულად მიაჩნია და ”ამ პოზიციის გამო, ასამბლეის მხოლოდ რამოდენიმე მოთხოვნა იქნა შესრულებული”, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა 18-19 იანვარს მოსკოვში ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტის ვიზიტის დასრულების შემდეგ.
21 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მიესალმა ”რუსეთის ხელისუფლების მზაობას შევიდნენ ასამბლეასთან ღია და კონსტრუქტიულ დიალოგში” აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით.
მისი თქმით, რუსმა პარლამენტარებმა გამოხატეს მზადყოფნა დიალოგი გამართონ თავიანთ ქართველ კოლეგებთან PACE-ს ეგიდით.
”ეს არის პოზიტიური ელემენტები, რაც ნამდვილად განიხილება დებატების დროს სტრასბურგში ასამბლეის მომავალ სესიაზე,” – დასძინა ლუის მარია დე პუჩმა.
PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე რუსმა დეპუტატებმა გამოხატეს ”ღრმა წუხილი” იმასთან დაკავშირებით, რომ ”დაძაბულობა და პროვოკაციები საქართველოსა და სამხრეთო ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისურლი რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მატულობს და არაა გამორიცხული დაპირისპირების მომავალი ესკალაციაც”, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და რუსეთის მიერ რეზოლუციის შესრულების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მოხსენება, ისევე როგორც, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის მოხსენება განიხილება ასამბლეის ზამთრის სესიაზე 28 იანვარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)