საბერძნეთი ეუთოს მისიის გაგრძელებაზე წინადადებებით გამოდის

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ საბერძნეთმა წინადადებების ახალი პაკეტი მოამზადა საქართველოში ეუთოს მისიის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც არ კვეთს მხარეთა ”წითელ ხაზებს”, განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა 21 იანვარს მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს წინადადებები ”მიდის რეალისტური მიმართულებით” და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის იმუშავოს ამ კუთხით.

დეკემბერში რუსეთმა ეუთოს 16-წლიანი მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. შედეგად, ამჟამად მისია დახურვის ფორმალურ პროცედურებს გადის. მოსკოვი დაჟინებით ითხოვდა ახალ მანდატს მისიისთვის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაჩენილ ახალ რეალობას ასახავდა. რუსი დიპლომატები მოითხოვდნენ  ეუთოს ცალკე მისიას სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ეუთოს დარჩენა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტას, რომელიც სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ერთეულად ჩათვლის.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 იანვარს განაცხადა, რომ რეგიონში ეუთოს დარჩენა აუცილებელია.

”სიტუაცია ადგილზე კვლავ ფეთქებადსაშიშია. ხშირად აქვს ადგილი ინციდენტებს. მე მტკიცედ მჯერა, რომ არსებულ სიტუაციას სჭირდება ეუთოს მეტი წარმომადგენლობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს,” – განაცხადა მან.

ბაკოიანისმა ასევე განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ მისი ”ნაყოფიერი შეხვედრები” ლავროვთან შექმნის მდგრად სფუძველს შემდგომი დიალოგისთვის ამ საკითხზე.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)