საქართველოს დელეგაცია ”ნაბუკოს” სამიტზე გაემგზავრა
საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ”ნაბუკოს” გაზსადენის პროექტთან დაკავშირებულ სამიტში.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი უხელმძღვანელებდა, რომელიც დელეგაციას ბუდაპეშტში გერმანიიდან შეუერთდებოდა. მგალობლიშვილი 21 იანვარს გერმანიაში უკვე მეორედ გაემგზავრა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
”ნაბუკოს” პროექტი ითვალისწინებს რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანული და შუა აზიური გაზის ტრანსპორტირებას თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის გავლით ავსტრიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ”ნაბუკოს” პროექტი უფრო ეკონომიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ”პოლიტიკურს”, რათა ”ევროპა არ იყოს დამოკიდებული ერთ მონოპოლისტზე [რუსეთზე]”.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ”ნაბუკოს” მარშრუტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ”რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა თავისი მეზობელი სახელმწიფოს [უკრაინის] მიმართ ენერგო-მატარებლების გამოყენება შანტაჟის მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)