გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ოჩამჩირეში ფლოტის განთავსებას გეგმავს

რუსეთი  შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემების ოჩამჩირის პორტში ბაზირებას აპირებს, იუწყება 26 იანვარს ”იტარ-ტასსი” რუსეთის საზღვაო ძალების შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, საკითხზე ”პრინციპული გადაწყვეტილება” მიღებულია. ”ამ წელს ჩვენ დავიწყებთ პრაქტიკულ, მათ შორის ფსკერის გასაღრმავებელ სამუშაოებს აფხაზეთის სანაპიროზე. ყველა სამუშაოს შესრულებას მარტო ერთი წელი არ ეყოფა,”- უწყება ”იტარ-ტასსი” შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, ამჟამად აფხაზურ მხარესთან ოჩამჩირის ბაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

”ოჩამჩირის პუნქტი გამოყენებული იქნება ქართული სპეცსამსახურების მხრიდან დივერსიებისა და ტერაქტების არსებული საფრთხის გათვალისწინებით,”- განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)