’ელაპარაკეთ მთავრობას’ – მიმართავს სააკაშვილი მოსკოვს
რუსეთი უნდა ელაპარაკოს საქართველოს ხელმძღვანელობას, თუ მას ნამდვილად სურს დიალოგი ქართველ ხალხთან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 თებერვალს.
სააკაშვილმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც მოსკოვი ყოველთვის იყო და რჩება ”ჩვენთვის ახლობელ ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული”.
მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთში მცხოვრებ ქართველთა ყრილობას გაუგზავნა, ასევე ნათქვამია: ”ჩვენ გულწრფელად გვსურს ვიხილოთ საქართველო სტაბილურ, დამოუკიდებელ, ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სახელმწიფოდ, რომელიც ცხოვრობს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და აქვს მეგობრული ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან”.
რუსეთის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პრეზიდენტთან არ გამართავდნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს და მედვედევმა ისიც კი თქვა სექტემბერში, რომ ”პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენს თვალში აღარ არსებობს; იგი პოლიტიკური გვამია”.
”მე მინდა ვუთხრა რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტს: თუ მათ სურთ საქართველოსთან ლაპარაკი, ისინი უნდა ელაპარაკონ საქართველოს მიერ არჩეულ მთავრობას. და ლაპარაკი შეიძლება იყოს ყველა თემაზე მას შემდეგ, რაც რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას, საქართველოს დაპყრობის შეჩერებას და უკანდახევას დაპყრობილი პოზიციებიდან,” – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ირონიულად ისაუბრა 3 თებერვალს გამართულ ქართველთა ყრილობაზე, და მას ”ე.წ. ქართველთა შეკრება” უწოდა, რომელიც, მისი თქმით, კრემლმა გამართა მოსკოვში.
”იძახიან თვითონ, რომ ჰყავთ მილიონი ქართველი რუსეთში, თუმცა ეს ასე არ არის. 310 კაციან დარბაზში შეკრიბეს 191 ადამიანი ძლივს, გუშინ დამატებით კრასნოდარიდან ჩაჰყავდათ ხალხი, რაც მე ვიცი ზუსტად,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ყველაზე პატარა დარბაზიც კი მოსკოვში ვერ გაავსეს და ბოლო წუთში რუსეთის პრეზიდენტმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღარ მივიდა ამ ღონისძიებაზე”.
”მე მინდა ვუთხრა რუსეთის ქართველებს, ჩვენ ქართველ თანამემამულეებს, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოდან წასულ ჩვენ მოქალაქეებს… ეს ხალხი მოიქცა ძალიან ღირსეულად… პრაქტიკულად ვერ იპოვეს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველები, ვინც დაუპირისპირდებოდა თავის ქვეყანას და ეს დღევანდელ რუსეთში არის სამოქალაქო გმირობის ტოლფასი,” – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
ყრილობა რუსეთში მცხოვრები ქართველთა კავშირის კრემლთან დაახლოებული ხელმძღვანელის მიხეილ ხუბუტიას თაოსნობით გაიმართა. ხუბუტიამ, რომლის თქმითაც პრეზიდენტი მედვედევი მისი მეგობარია, 4 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს გარეშე ცხოვრება, საქართველოსთვის ძნელია რუსეთის გარეშე ცხოვრება.
თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქართულ ტელეკომპანიასთან, ხუბუტიამ განაცხადა, რომ მან დაპატიჟა საქართველოს მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძე, თუმცა მინისტრმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ყრილობას დაესწრო ლეიბორისტული პარტიის წევრი ნესტან კირთაძე.
დეკემბერში რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებას შუამავლების საშუალები და ამ მიზნით ის ნოემბერში მიუნჰენში ხუბუტიას შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)