ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრები კრაკოვში შეიკრიბებიან

ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტრების დონეზე თებერვალში კრაკოვში გაიმართება, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა იქნება განხილული, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 5 თებერვალს.

ნატოს თავდაცვის მინისტრები კრაკოვში 19-20 თებერვალს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს საქართველოსთვის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება, რომლის საშუალებითაც ალიანსი აპირებს ”უხელმძღვანელოს და მხარი დაუჭიროს” საქართველოს ნატოს სტანდარტების შესრულების საქმეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე 4 თებერვალს ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების 26 ელჩს შეხვდნენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაცია.

ჯეიმს აპატურაიმ 4 თებერვალს განაცხადა, რომ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი სამხედრო და საზღვაო ძალებისთვის სეპარატისტულ რეგიონებში ბაზების მშენებლობას გეგმავს, ნატო ”სიფრთხილით და შეშფოთებით” ადევნებს თვალს, ”რადგანაც, როგორც ჩანს, ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს”.

”გენერალური მდივანი ამ საკითხს დააყენებს რუსეთის ვიცე-პრემიერთან [სერგეი] ივანოვთან, როდესაც მას მიუნჰენის უსაფრთხების კონფერენციაზე შეხვდება [მიმდინარე კვირას],” – განაცხადა მან. ”ჩვენ ვერ შეგვაშინებს იმ საკითხების განხილვა, რომლებზეც ფუნდამენტურად ვერ ვთანხმდებით”.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)