ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის გეგმებით სეპარატისტულ რეგიონებში ბაზების განთავსების თაობაზე
ევროკავშირის ჩეხურმა თავმჯდომარეობამ 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ევროკავშირი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული გეგმებით საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ააშენოს თვისი სამხედრო ბაზები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე”.
”სხვა საკითხებთან ერთად ეს ეხება რუსეთის გეგმებს ააშენოს ფლოტის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის სანაპიროზე,”- ნათქვამია განცხადებაში.
ამ გეგმების განხორციელებას ევროკავშირი განიხილავს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ”სერიოზულ დარღვევას”.
”ნებისმიერი სამხედრო მშენებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წინააღმდეგობაში მოვა 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების სულისკვეთებასთან და რისკს შეუქმნის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას დაძაბულობის ზრდით,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ევროკავშირი ელის რუსეთისგან, რომ ის იმოქმედებს პასუხისმგებლობით და გააგრძელებს ყველა აღებული ვალდებულების შესრულებას. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, კონკრეტულად კი ჟენევის მოლაპარაკებები, უსაფრთხოების საკითხების განსახილველად”.
ნატომ ასევე განაცხადა, რომ ის ”სიფრთხილით და შეშფოთებით” ადევნებს თვალს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე გავრცელებულ ინფორმაციას, ”რადგანაც, როგორც ჩანს, ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს”. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი რუსეთის ვიცე-პრემიერთან სერგეი ივანოვთან ამ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)