გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა გუდაუთაში საჰაერო ძალები განათავსა

”როიტერი” იტყობინება 6 თებერვალს, რომ მისმა ჟურნალისტებმა დაინახეს სამხედრო შენაერთი უზარმაზარი რადარებით, სამხედრო კარვებით და რუსული საჰაერო ძალების დროშით, რომელიც გუდაუთის მახლობლად განთავსდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც მოსკოვი საბჭოთა დროინდელი საჰაერო ბაზის განახლებას გეგმავს.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა ”დაახლოებით 27 სამხედრო თვითმფრინავი განათავსა ბომბორას სამხედრო აეროდრომზე [გუდაუთის მახლობლად], რომელიც დახურული უნდა იყოს 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად”.

სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ განუცხადა ”როიტერს”, რომ სოხუმი გეგმავს რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებას, რომელსაც 25-წლიანი პერიოდით მოეწერება ხელი და რომელიც ასევე მოიცავს აფხაზი ოფიცრების რუსეთში მომზადებას.

გასულ კვირას რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთი 20-მდე თვითმფრინავის განთავსებას აპირებდა გუდაუთაში, მათ შორის სუ-27 ტიპის გამანადგურებლების, სუ-25 ტიპის მოიერიშეების და სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავების.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)