”გაზპრომის” ხელმძღვანელი კოკოითს შეხვდა

ჩრდილოეთ ოსეთიდან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხებზე იმსჯელეს რუსული სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 10 მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

”გაზპრომის” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი, ძირაკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობლობა 2009 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

ეს გაზსადენი რუსულ ენერგოსისტემას პირდაპირ დააკავშირებს ცხინვალის რეგიონს, რომელიც ამჟამად რუსული გაზით აგარა-ცხინვალის გაზსადენით მარაგდება. აგვისტოს ომის დროს ამ გაზსადენის დაზიანების გამო ცხინვალის რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე, დაახლოებით, ექვსი თვე იყო დარჩენილი. რეგიონის გაზმომარაგება იანვრის ბოლოს აღდგა.

”გაზპრომის” ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს რეგიონში დაზიანებული გაზსადენების აღდგენის საკითხი. ამავე ცნობით, ”გაზპრომმა” უკვე აღადგინა გაზის გამანაწილებელი ქსელი და სადგური ქალაქ ცხინვალში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)