ვაშაძე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაეროს მეთვალყურეთა მანდატის ”ტექნიკურ” გაგრძელებას ითვალისწინებს ოთხი თვით.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც საფრანგეთმა მოამზადა, უშიშროების საბჭო დღეს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს და სავარაუდოდ, დაამტკიცებს.
ვაშაძის განცხადებით, პროექტში არაა ნახსენები მისიის ოფიციალური სახელწოდება – გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში – ეს დასახელება სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ მოსკოვსა და სოხუმში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს და მათი მოთხოვნაა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მისიების არსებობა თბილისსა და სოხუმში.
”ეს არის ფუნქციონალურად ერთი მანდატისთვის შექმნილი მისია, იურიდიულად – ეს არის ერთი მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს ორივე მხარეზე,” – განაცხადა ვაშაძემ, ”ამიტომ რუსეთის და მარიონეტული რეჟიმის ოცნებას იმაზე, რომ იყოს ორი მისია, ამას ვერასოდეს ვერ მოესწრებიან”.
მისი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც მასში ნახსენებია ამ ჩანაწერის შემცველი, ადრე მიღებული რეზოლუციები.
”ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ყველა მხარეს პატივი სცენ ადრე არსებულ უსაფრთხოების რეჟიმს. გაიყვანონ ადმინისტრაციული საზღვრის 12 კმ ზოლიდან მთლიანად მთელი შეიარაღება, ხოლო 24 კმ ზოლიდან მძიმე ტექნიკა,”- განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ. ანალოგიურ წინადადებას შეიცავდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაც.
ამასთან, ვაშაძის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი პუნქტი ეხება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ”უსაფრთხო და ღირსეულ” დაბრუნებას.
”[პროექტის] ბოლო რამდენიმე მონაკვეთში არის საუბარი, რომ დევნილები უპირობოდ უნდა დაუბრუნდნენ თავის სახლებს, მათი ქონებრივი უფლებები უნდა იყოს დაცული,”- განაცხადა ვაშაძემ.
მისი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება, თუ როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება.
მისი თქმით, ოთხთვიანი ტექნიკური გაგრძელების შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა მისიის ფუნქციის პოლიციური კომპონენტით დატვირთვის მიმართულებით.
”სანამ ეს არ მოხდება, ყველა რეზოლუციას ექნება უბრალოდ ტექნიკური ხასიათი,” – განაცხადა მან.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ახლოსაა რეზოლუციის პროექტის მიღებასთან.
”გაეროში კომპრომისი თითქმის მიღწეულია,”- იუწყება ”როიტერი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”რეზოლუცია აღიარებს საჭიროებას, რომ ახალი რეალობა უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული”.
”ეს შესაძლებელი გახდა, რადგან თანხმობა მიღებული იქნა არა მხოლოდ საქართველოსგან მის ტერიტორიაზე მონიტორებთან დაკავშირებით, არამედ სოხუმისგან, რომ გაეროს დამკვირვებლები დარჩნენ აფხაზეთში,”- დასძინა მან, თუმცა სხვა დეტალებზე აღარ უსაუბრია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)