საქართველო ევროვიზიაზე ’საპროტესტო სიმღერას’ აგზავნის
მოსკოვში მაისში დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე თავდაპირველი უარის შემდეგ, საქართველომ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და გააგზავნოს ჯგუფი, რომელიც ’საპროტესტო’ სიმღერას შეასრულებს.
სიმღერა სახელწოდებით ”We don’t Wanna Put In” სიტყვების თამაშია, სადაც მინიშნება კეთდება პრემიერ-მინისტრზე ვლადიმერ პუტინზე, განაცხადა სიმღერის თანაავტორმა სტეფანემ, რომელიც სიმღერას სამ ქართველ მომღერალ გოგონასთან – ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად შეასრულებს. ჯგუფი გამოდის სახელწოდებით სტეფანე & 3G. თავად სიმღერის ტექსტი: “We don’t wanna put in / the negative mood [ჩვენ არ გვინდა ჩავდოთ უარყოფითი განწყობა]…” ნაკლებად შეიცავს რაიმე მინიშნებას პოლიტიკაზე.
რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა მოსკოვში დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსს. თუმცა, იანვარში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეცვალა გადაწყვეტილება, რამაც გარკვეული პროტესტი გამოიწვია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერის შერჩევა საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული პრეტენზიების განეიტრალების მცდელობაა.
იმავდროულად, გავრცელდა ინტერნეტ პეტიცია ლოზუნგით ”ბოიკოტი გამოვუცხადოთ მოსკოვვიზიას”, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, რომელსაც, პეტიციის თანახმად, საეჭვო რეპუტაცია აქვს ევროპაში მისი ”პოლიტიზირებული” ხასიათის გამო.
”დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველოს პირველი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) საქართველოს სახელით გააგზავნის მომღერალს და ამით დაეხმარება რუსეთის სახელმწიფოს ქ.მოსკოვში მშვიდად და “ღირსეულად” ჩაატაროს ეს კონკურსი, ამით იგი სრულიად ღიად დაუჭერს მხარს ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიულ მოქმედებას, რაც არის სწორედ კოლაბორაციონიზმის კლასიკური გამოვლინება,” – ნათქვამია პეტიციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)