GG&MW-ი ”ბორჯომის” ბიზნესის გაყიდვას არ აპირებს
მინერალური წყლის ”ბორჯომის” წარმოების ლიცენზიის მფლობელმა – საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ (GG&MW) განაცხადა, რომ მისი აქციონერები არ აპირებენ ბიზნესის გაყიდვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ განახლებული ლიცენზია სხვა რომელიმე კომპანიას ერგება.
ეკონომიკის სამინისტრომ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ”ბორჯომის” მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროში 20 მარტს აუქციონი ჩატარდება. აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი 8 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი განისაზღვრა ლარში, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25-წლიანი ვადით გაიცემა.
GG&MW-მა ბორჯომის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზია 1997 წელს მიიღო. 2007 წლიდან ლიცენზია ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა, ხოლო ამა წლის იანვარში მხოლოდ სამი თვით გახანგრძლივდა. GG&MW-ი ”ბორჯომის” სავაჭრო ნიშნის მფლობელიცაა.
”ჩვენ ავღნიშნავთ, რომ აუქციონის პირობებით, გამარჯვებულმა უნდა დააკმაყოფილოს მთელი რიგი ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური მოთხოვნები, რაც შეუძლებელია იმ ინფრასტრუქტურის გარეშე, რომელიც GG&MW-ის საკუთრებაშია,” – განაცხადა კომპანიამ 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”ეს ნიშნავს, რომ ტექნიკურად ვერავინ ვერ შეძლებს, გარდა GG&MW-ისა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აუქციონზე გამარჯვებულმა უნდა იკისროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვინმე სხვა გაიმარჯვებს აუქციონზე, იგი თავიდანვე დაარღვევს ვალდებულებებს აუქციონის პირობების თანახმად”.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ბოლო 12 წელიწადზე მეტია კომპანიამ ”ათობით მილიონი დოლარი” ჩადო ”ბორჯომის” ბიზნეს ინფრასტრუქტურის აშენებასა და განვითარებაში. ინფრასტრუქტურად მოიაზრება ჩამოსასხმელი ქარხნები, ჭაბურღილები, მილსადენები, ბრენდი – სამარკო ნიშანი და სადისტრიბუციო ქსელის აწყობა.
”GG&MW-ი ფლობს ”ბორჯომის” წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა უძრავ და მოძრავ ქონებას. ჩვენ განვაგძობთ მათ ფლობას და მართვას აუქციონის შემდეგაც, მისი შედეგების მიუხედავად. კომპანია არ აპირებს მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას და არც კომპანიის მფლობელები აპირებენ საკუთარი წილების გაყიდვას,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ცხადია, პატივს ვცემთ მთავრობის უფლებას გამოაცხადოს აუქციონი, მაგრამ ამავე დროს გვინდა ხაზი გავუსვათ კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ აუქციონზე გამოტანილია არა ”ბორჯომის” ბიზნესი მთლიანობაში, არამედ საბადოდან წიაღისეულის მოპოვების უფლება,” – განაცხადა GG&MW-მა, ”ტენდერში მონაწილე კომპანიები თუ ფიზიკური პირები უნდა აცნობიერებდნენ იმ ფაქტს, რომ მათ ათობით მილიონი დოლარი და ათეული წლები დასჭირდებათ იმისათვის, რათა ააწყონ ეს სისტემა”.
GG&MW-ის მფლობელი 2002 წლიდან არის კომპანია Salford Capital Partners Inc. – საინვესტიციო ფირმა, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში არსებული ქონების მენეჯმენტსაც ახორციელებდა.
Salford Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ ლიცენზიის მოკლევადიანი გაგრძელების გამო მისი კომპანია ”ბორჯომის” მოპოვებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაშია.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ კი თბილისის მერი გიგი უგულავა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდნენ მას გასულ წელს და უთხრეს, რომ GG&MW-ი რუსული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის სასარგებლოდ დაეთმო. რუხაძის თქმით, მან ამაზე უარი თქვა. 2007 წელს Wimm-Bill-Dann-მა შპს ”ქართული პროდუქტი” შეიძინა, რომელიც იმ დროს საქართველოს მესამე უმსხვილესი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო.
GG&MW-ის თქმით, 2006 წელს კომპანიის პირდაპირმა ზარალმა 25 მილიონი ლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. თუმცა, კომპანიის თქმით, მან არა მარტო დაძლია კრიზისი, არამედ 2008 წლის შემოდგომამდე გავიდა იმ მაჩვენებელზე, რომელიც კომპანიას რუსეთის ბაზარზე ყოფნის დროს ჰქონდა. 2008 წლის ოქტომბრიდან, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების პერიოდიდან, კომპანიას კვლავ შეექმნა პრობლემები, კერძოდ, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები 30-40%-ით შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)