საია ენერგეტიკის სამინისტროს ენგურჰესზე ”საიდუმლო” გარიგების გამო უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ სასამართლოში გაასაჩივრა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება რუსულ კომპანია ”ინტერ რაო”-სთან “ენგურჰესის” ერთობლივი მართვის შესახებ მემორანდუმის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება კერძო პირების კომერციული ინტერესებს და დაუშვებელია მათი გასაიდუმლოება,” – განაცხადა საიამ.  

ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც ”ინტერ რაო”-სთან მემორანდუმს დეკემბრის ბოლოს მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ მან დოკუმენტი რუსული კომპანიის მოთხოვნით გაასაიდუმლოვა, რადგანაც,  სამინისტროს ცნობით, გარკვეული  კომერციული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა სურდა. ამ მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, მხარეებს შორის ხელი მოეწერება სავალდებულო კონტრაქტს, რომელიც, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საჯარო გახდება. თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შესაძლო კონტრაქტი მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

მემორანდუმი მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატებს გააცნეს.

”მხოლოდ ერთი პუნქტია [მემორანდუმში], რომელიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და ის ეხება ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს,” – განუცხადა დეპუტატმა პაატა დავითაიამ Civil.Ge-ს 5 თებერვალს. ”[ენერგეტიკის] მინისტრმა [ალექსანდრე ხეთაგურმა] სხვა პუნქტებზე საჯაროდ ისაუბრა და ამ კუთხით ახალი არაფერია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)