ნათელაშვილი: აშშ-ის საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ალასანია სურს

ირაკლი ალასანია არის ვაშინგტონში ”შეფუთული ფიგურა”, რომელიც გამოაგზავნეს საქართველოში პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

”მე საუბარი მაქვს არა პიროვნებებზე, რომ ვინმე პიროვნებაა ცუდი, არამედ საუბარი მაქვს მოვლენაზე, პროცესზე, რამაც საქართველო შეიძლება დაღუპოს. ის პიროვნება, რომელიც დასმული იქნება უცხოეთიდან – მნიშვნელობა არ აქვს ვაშინგტონიდან თუ რუსეთიდან თუ მათ შორის შეთანხმების შედეგად, იქნება არა ჩვენი მსახური, არა ჩვენი ინტერესების დამცველი, რაც არ უნდა ვუყვარდეთ, არამედ გაითვალისწინებს თავისი პატრონების ინტერესებს,”-  განაცხადა ნათელაშვილმა პირველი არხის საკვირაო თოქ-შოუში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას 22 თებერვალს. 

მისი თქმით, მოცემულ მომენტში ალასანია ამ გეგმის მთავარი ფიგურაა, თუმცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ”სარეზერვო ვარიანტად” არის შერჩეული, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

”მე ვაპირებ უახლოეს ხანებში ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შევეცდები დავარწმუნო ჩვენი ამერიკელი მეგობრები, რომ მისცენ საქართველოს საშუალება ხელისუფლების თავისუფლად არჩევის,” –  განაცხადა ნათელაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)