სააკაშვილმა შენდობის დღეს ერთიანობისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შენდობა ითხოვა და ერთიანობისკენ მოუწოდა 1 მარტს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ შენდობის წესის აღსრულების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: ”თქვენო უწმინდესობავ, მინდა შემოგიერთდეთ და ამ საყოველთაო შენდობისა და პატიების დღეს შენდობა და პატიება ვთხოვო უფალს, მაღალ ღმერთს და ჩვენს ხალხს. მინდა შენდობა ვთხოვო მათ, ვისაც ნუგეში სჭირდებათ, მაგრამ ვინც მე ვერ ვანუგეშე; მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ ვისაც მე ვერ აღმოვუჩინე საკმარისი დახმარება; მინდა გთხოვოთ შენდობა მათ, ვისაც ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ მივაყენეთ ტკივილი”.

”მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს ჩვენი დიდი მიზნების მისაღწევად საქართველოს, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, მოთმინება და ეს შეუძლებელი იქნება ურთიერთშენდობის გარეშე,” – განაგრძო მან, ”მოდით ერთმანეთში დავინახოთ ღირსება და არა ხარვეზები; მოდით დავივიწყოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს ცუდი რამეები – პირადად მე ყოველთვის მალე მავიწყდება ცუდი რამეები; და მოდით დავინახოთ მოვლენაში ან ადამიანში – რაც ერთი შეხედვით შეიძლება მიუღებელი იყოს – სიკეთე და სარგებელი ჩვენთვის და ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)