ევროკავშირის დამკვირვებლები ჟენევის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 3 მარტს განაცხადა, რომ ოსი შეიარაღებული პირების მიერ ორი ქართველის დაკავების გარშემო არსებული სიტუაცია ”მოითხოვს გარკვეულ წინსვლას ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების განხორციელების კუთხით”, როგორც ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ 18 თებერვალს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს.
დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე, რომლებიც ცხინვალში რჩებიან პატიმრობაში, სეპარატისტულმა ხელისულებამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ქართველი ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ადმინისტრაციული საზღვრის ქართული მხრიდან გაიტაცეს და 6 ათასი ევროს გამოსასყიდი მოითხოვეს მათ გასათავისუფლებლად. ცხინვალმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ორივე მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს.
მხარეების მიერ ჟენევაში შეთანხმებული მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესაძლო ერთობლივ ვიზიტზე დაძაბულობის კერებში. შეთანხებული დოკუმენტი არ არის თვითგანხორციელებადი დოკუმენტი და მისი შესრულება მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
”ზუსტი დეტალები, თუ რა შეემთხვათ ცოტა ხნის წინ დაკავებულ ორ ქართველს, გაურკვეველია, თუმცა ეს საქმე აშკარას ხდის იმის საჭიროებას, რომ მოგვარდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების საკითხი,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ”საზღვრის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების ლეგიტიმური ინტერესია, რომ მათ ჰქონდეთ მისი გადაკვეთის შესაძლებლობა და ამის შედეგად არ აღმოჩნდნენ ციხეში ან სასამართლოს წინაშე. უნდა იყოს გამჭირვალობა და უნდა გაირკვეს თუ რა წესები მოქმედებს.”
”მხოლოდ მხარეებს შორის რეგულარული შეხვედრების შედეგად, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ჟენევაში შეთანხმდა, შეიძლება მოგვარდეს ამგვარი სიტუაციები და შემცირდეს დაძაბულობა, რაც ყველა მხარეს მოუტანს სარგებელს. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ამ რეგულარული შეხვედრებისთვის საჭირო პირობების დადგენით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამგვარი ინციდენტების აღკვეთას მომავალში,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)