ნატო-საქართველოს კომისიის ”რიგგარეშე” სხდომა იგეგმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 5 მარტს ნატო-საქართელოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ვაშაძემ 4 მარტს განაცხადა, რომ ეს იქნება ”რიგგარეშე შეხვედრა”, რომლიც ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე გაიმართება. თუმცა, მან თავი შეიკავა იმაზე საუბრისგან, თუ რატომ ითხოვს თბილისი რიგგარეშე შეხვედრის გამართვას.
”თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით,” – მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ქართული მხარე უკვე ერთი თვეა ”ინტენსიურად მუშაობს” კომისიის სხდომის ჩატარებაზე.
“ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობა”, – განაცხადა მან.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 5 მარტს ბრიუსელში შეხვედრას მართავენ.
ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო შეხვედრა 20 თებერვალს კრაკოვში გაიმართა თავდაცვის მინისტრების დონეზე.
2 მარტს ”როიტერთან” ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ მოუწოდა დასავლეთს შეაჩეროს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში.
”როგორც ევროკავშირმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ამგვარი ქმედებების მიმართ. თუ ეს პოლიტიკური ზეწოლა გაგრძელდება, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს… რუსების შეჩერებაში, იმაში, რასაც ისინი აკეთებენ,” – განაცხადა სიხარულიძემ, ”უსაფრთხოების გარემო შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს… ჩვენი ამოცანაა მზად ვიყოთ წინააღმდეგობის გასაწევას იმ შემთხვევაში, თუ რუსები გადაწყვეტენ საქართველოზე, მთავარ ქალაქებზე, სასიცოცხლო საკომუნიკაციო კავშირებზე თავდასხმას. ჩვენი გაგებით, ამის გამორიცხვა არ შეიძლება”.
იმავდროულად, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება ნატოს უცნობ დიპლომატებზე დაყრდნობით, რომ ალიანსი ბრიუსელში 5 მარტს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებს განიხილოს რუსეთთან ფორმალური ურთიერთობების აღდგენის საკითხი.
ნატომ რუსეთთან მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ გაყინა. დეკემბერში, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ურთიერთობების არაფორმალურ დონეზე განახლების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)