ლეიბორისტული პარტია სავარაუდოდ არ შეუერთდება აპრილის აქციებს

ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა 6 მარტს, რომ პარტია არ მიიღებს მონაწილეობას 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში, რადგანაც მას ”ნინო ბურჯანაძის შოუდ” მიიჩნევს, ამ ეტაპზე მაინც.

”ჩვენ არ წავალთ აქციაზე, რომლის მიზანიც არის ”მიშა წადი, ბურჯანაძე მოდი,” – განუცხადა დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან იოსებ შატბერაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” 6 მარტს.

რვა პარტიამ, მათ შორის ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ისინი 9 აპრილიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებენ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომლის ოთხი წევრიც, პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ჩათვლით, დეპუტატები არიან, თუმცა ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის სხდომებს, განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამ მოთხოვნას, თუმცა ”ბურჯანაძის შოუში” მონაწილეობას არ მიიღებს. შატბერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ საპროტესტო აქციები გადაიქცევა ნამდვილ სახალხო მოძრაობად, პარტია მას შეუერთდება.

ლეიბორისტულმა პარტიამ 4 მარტს განაცხადა, რომ პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებს იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს და პრეზიდენტად არ უნდა მოვიდეს ”მიშა 2” – ვაშინტონის მიერ ”შეფუთული ფიგურა”. მან ეს შეფასებები გააკეთა ირაკლი ალასანიას მისამართით, რომლის წინააღმდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ კრიტიკული რიტორიკა გაეროში ყოფილი ელჩის ოპოზიციურ ფრონტზე გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)