თორთლაძის თქმით, დაგეგმილი აქციების უკან ”რუსული ფული” დგას

დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძემ განაცხადა, რომ იმ ოპოზიციური პარტიების კამპანია, რომლებიც 9 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, რუსეთიდან წამოსული ფულით ფინანსდება.

ამ კონტექტსში, თორთლაძემ, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს და ასევე საპარლამენტო ფრაქციის ”ძლიერი საქართველო” თავმჯდომარეა, მთავარი მინიშნება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე ნინო ბურჯანაძეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ბურჯაძე ამ კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

”მთელი საქართველო ლაპარაკობს უკვე ამაზე, რუსეთიდან შემოდის დიდი ფული, ძალიან ბევრი ფული ტრიალებს ამ აქციების გარშემო, ძალიან ბევრი ფული ტრიალებს ოფისების შესაქმნელად, 2 000 და 3 000 ლარებს უხდიან ელემენტარულ თანამდებობებზე ხალხს; ეს ყველამ იცის. ისმის ისიც, რომ რუსეთი არის მზად საქართველოში არეულობის შემთხვევაში შემოვიდეს და დაიცვას დემოკრატია. ვისი დემოკრატია უნდა დაიცვას? ბურჯანაძის დემოკრატია უნდა დაიცვას? მე პირდაპირ გეუბნებით, რომ მე და ჩემი პარტია – საქართველოს დემოკრატიული პარტია – ასევე ჩემი საპარლამენტო ფრაქციის სახელით გეუბნებით და მე მგონი საპარლამენტო უმცირესობის  სახელითაც შემიძლია ასეთი განცხადების გაკეთება – ჩვენ ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ,” – განაცხადა თორთლაძემ 11 მარტს პირველ არხზე თოქშოუ ”აქცენტებში”.

იმავე თოქშოუში კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ  უარყო ამგვარი განცხადებები და მას ”ხელისუფლების PR აქცია” უწოდა.    

“ეს სწორედ იგივე ბრალდებაა, რომელსაც ოპოზიცია ისმენდა 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყებამდე,” – განაცხადა მან, ”თორთლაძე ზუსტად იგივე ბრალდებას იმეორებს, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივ გივი თარგამაძისგან გვესმის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)