სააკაშვილი თურქეთის ინიცირებულ კავკასიის სტაბილურობის პლატფორმაზე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ შემოთავაზებული კავკასიის სტაბილურობის და თანამშრომლობის პლატფორმა ჯერ არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა.
”ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მრავალხრივ მექანიზმებს,” – განაცხადა სააკაშვილმა 21 მარტს ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა, მან ასევე დასძინა: ”არა მგონია, რომ უნდა შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ევროკავშირს და სხვა დიდ მოთამაშეებს რეგიონში”.
”ვფიქრობ არ უნდა იყოს რაიმე ექსკლუზიური რეგიონალური მექანიზმი; მაგრამ მიმაჩნია, რომ რაიმე დამატება ევროკავშირის უკვე არსებულ სტრუქტურებზე, რომელიც ღია იქნება რეგიონის ყველა პოზიტიური მოთამაშისთვის, მხოლოდ მისასალმებელია,”- განაცხადა მან.
იგი ასევე მიესალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მხარდაჭერას ევროკავშირის ლიდერების მიერ 21 მარტს – პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ახლო თანამშრომლობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.
სააკაშვილის თქმით, ეს ინიციატივა იყო ”წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი ქვეყნისთვის და რეგიონის ქვეყნებისთვის”.
”რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის არა გავლენის ახალი სფერო – როგორც ეს ერთმა გამომსვლელმა თქვა ამ დილას – არამედ ჩვენ გვაქვს ახალი მექანიზმი სტაბილურობის, განვითარების და საბოლოო ჯამში რეგიონის აყვავებისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომელიც მან იმავე ფორუმზე მანამდე გააკეთა.
”ჩვენ გვადანაშაულებენ იმის მცდელობაში, რომ გვქონდეს გავლენის სფეროები. რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა?” – განაცხადა ლავროვმა, ”როდესაც ჩემი კარგი მეგობარი [ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი] საჯაროდ აცხადებს, რომ თუ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ბელარუსს შეუძლია დაივიწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. არის ეს მუქარა, არის ეს შანტაჟი თუ არის ეს დემოკრატია მოქმედებაში? … და შემდეგ ამგვარი ტიპის განცხადებების შემდეგ ჩვენ გვაქვს კითხვები – არის თუ არა ეს ქვეყნების ძალით გამოყვანა იმ პოზიციებიდან, რომელიც მათ თავისუფლად უნდა დაიკავონ?”
იმავე პრესკონფერენციაზე ბრიუსელში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე მიესალმა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას ენერგოპოლიტიკის, მათ შორის ნაბუკოს გაზსადენის შესახებ წინადადებების მიღების თაობაზე. წინადადება, რომლის ზოგიერთი დეტალი კვლავ დასაზუსტებელია, ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სანამ ის კანონის ფორმას მიიღებს, იტყობინება ”როიტერი”. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ”უკვე უზრუნველყო მისი ენერგო დამოუკიდებლობა” და ქვეყანა ენერგომომარაგების პრობლემის წინაშე აღარ დამდგარა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა შედარებით უკეთესია იმ ფაქტის გამო, რომ ”ჩვენ წარსულში რეფორმები გავატარეთ”.
”ზუსტად ახლა რუსეთის ოკუპაციის და საქართველოში ომისშემდგომი პრობლემების მიუხედავად, ქვეყანა წინ მიდის; მე მიმაჩნია, რომ ზოგადად, ხალხის განწყობა [მიუხედავად პრობლემებისა] დადებითია,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)