ობამა და მედვედევი აგვისტოს ომზე განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაქ ომაბამ და დიმიტრი მედვედევმა დღეს ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის აუცილებლობას სტაბილურობის შესანარჩუნების მიზნით.
“ჩვენ დავიწყეთ დიალოგი ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. მართალია ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს გასული აგვისტოს სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენათა თანმიმდევრობაზე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მცდელობები,”- ნათქვამია ორი პრეზიდენტის განცხადებაში.
”ვაცნობიერებთ რა რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გაგვაჩნია, ჩვენ მაინც ხაზს ვუსვამთ გასული წლის, 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების, 8 სექტემბრის შეთანხმების და სხვა შესაბამისი შეთანხმებების მნიშვნელობას და ვაგრძელებთ ჟენევის განხილვებში ეფექტიანად თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობას,”- აცხადებენ პრეზიდენტები.
ერთობლივ განცხადებაში, რუსეთის და აშშ-ის ლიდერები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დაძლიონ ”ცივი ომის მენტალიტეტი” და აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ”დასახონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი დასაწყისის გეგმა.”
”სულ რაღაც რამოდენიმე თვეში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენი ურთიერთობებისთვის ახალი ტონი მიგვეცა,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ახლა საქმეზე გადასვლის დრო დადგა, რათა ჩვენი თბილი სიტყვები საქმედ გადავაქციოთ რუსეთის და აშშ-ის, ასევე მსოფლიოში ყველას სასარგებლოდ, ვინც დაინტერესებულები არიან მშვიდობასა და კეთილდღეობაში”.
თბილისი მიესალმა განცხადების სულისკვეთებას და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უცვლელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.
”რაც უფრო ხშირად გაუმეორებენ რუსეთის ფედერაციას რამდენიმე ჭეშმარიტებას ანუ იმას, რომ ომი იყო დაწყებული რუსეთის ფედერაციის მიერ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მიიტაცოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთს არ შეუსრულებია არც ერთი პუნქტი ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმისა – მით უკეთესი და ამერიკის ადმინისტრაციამ ეს კიდევ ერთხელ გააკეთა,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ეს განცხადება თბილისში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)