ობამა მოსკოვთან საქართველოს შესახებ უთანხმოებაზე საუბრობს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ არსებობს ”დიდი პოტენციალი” რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვი არ უნდა დაუბრუნდეს ”ძველებურად საქმის კეთებას.”

”მე ვაკრიტიკებდი რუსეთის შეჭრას საქართველოში. მე კვლავაც მჯერა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ სარკოზის განსაკუთრებული მცდელობებისა რათა მიეღწია ცეცხლის შეწყვეტისთვის, ჩვენ ვერ ვიხილეთ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია,” – განაცხადა ობამამ 3 აპრილს სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ჩვენ გვინდა მათთან მუშაობა, მაგრამ ვერ დავუბრუნდებით საქმის კეთების ძველებურ მეთოდებს,” – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მან ეს განცხადება ევროპული უსაფრთხოების სისტემაში რუსეთის როლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ობამამ ასევე განაცხადა: ”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მოკავშირეებმა რუსეთიც ჩართონ და აღიარონ, რომ მას ლეგიტიმური ინტერესები აქვს, ზოგ შემთხვევაში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თუმცა ასევე გვაქვს ძირეული უთანხმოებებიც”.

”ვფიქრობ, მათთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და იმავდროულად, პატივი ვცეთ ევროპის – დასავლეთ, აღმოსავლეთ, ცენტრალური, სადაც არ უნდა იყვნენ – ყველა ქვეყნის ავტონომიას და დამოუკიდებლობას,” – განაცხადა მან.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 1 აპრილს ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის ”განსხვავებული პოზიციები” არსებობს.

”მართალია ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს გასული აგვისტოს სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენათა თანმიმდევრობაზე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მცდელობები,”- ნათქვამია ორი პრეზიდენტის განცხადებაში. ”ვაცნობიერებთ რა რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გაგვაჩნია, ჩვენ მაინც ხაზს ვუსვამთ გასული წლის, 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების, 8 სექტემბრის შეთანხმების და სხვა შესაბამისი შეთანხმებების მნიშვნელობას და ვაგრძელებთ ჟენევის განხილვებში ეფექტიანად თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობას”.

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ამ განცხადებას და განაცხადა: ”მე ვარ ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გუშინ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, დაფიქსირდა უთანხმოება სერიოზული და აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რომელიც არის ძალიან მაღლა პრიორიტეტების სიაში, არის საქართველოს საკითხი და საქართველოს ოკუპაციის საკითხი”. მან ასევე განაცხადა, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ გამოირიცხება რუსეთის რაიმე სამხედრო ავანტიურა საქართველოს წინააღმდეგ. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)