ოპოზიცია სააკაშვილს ერთდღიან ულტიმატუმს უწესებს

დღეს საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის წინ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტი გააცნეს. 

ოპოზიციამ პრეზიდენტ სააკაშვილს 24 საათიანი ვადა მისცა მიმართვაზე პასუხის გადასაცემად, რის შემდეგაც შემდგომ სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს.

ქვემოთ მოცემულია მიმართვის სრული ტექსტი:
 
”დღეს რუსთაველის გამზირზე ათეულათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქ წარმოდგენილია სრულიად საქართველო. 

ხალხი აქ მოვიდა იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმით უარი უთხრას საქართველოს დაქუცმაცებას, ტერორს და ძალადობას, დაშინებას და ღირსების აყრას, უგუნურებას და უსამართლობას, არჩევნების გაყალბებას, თავისუფალი სიტყვის და აზრის ჩახშობას. 

ხალხი აქ მოვიდა იმისთვის, რომ უარი თქვას ყველა იმ უმსგავსოებაზე, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ნერგავდა საქართველოში, რამაც ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებამდე მიიყვანა. დღეს აქ მოვიდა ხალხი, რათა ხელისუფლებას შეასმინოს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. 

აქ შეკრებილი საზოგადოება მისგან მოითხოვს: მოიქცეს ადექვატურად და შეასრულოს ხალხის ნება. 

ეს არის უკანასკნელი შანსი ხელისუფლებისთვის, დადგეს პირად ინტერესებზე მაღლა და სახელმწიფოებრივად მიუდგეს უმძემესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ამოცანას. მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია მისცეს ხალხს საშუალება განახორციელოს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით მშვიდობიანი შეცვლა და ამით მოგვცეს საშუალება მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ღირსეული და ცივილიზებული ერი. ჩვენ გვწამს, რომ სწორედ ასეთი მიდგომით და სამშობლოს სიყვარულით შეიძლება ამ კრიზისის დაძლევა და თავისუფალი, დემოკრატიული, სამარათლიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა. თბილისი, რუსთაველის გამზირი, 9 აპრილი, 2009 წელი.”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია და ოპოზიციას კვლავაც დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)