ბაქრაძე: ოპოზიციის ულტიმატუმი შედეგს არ მოიტანს
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაზე დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით არის ”ულტიმატუმი” და ვერ გახდება დიალოგის საფუძველი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 აპრილს.
”ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა პრაქტიკულად კიდევ ერთხელ თქვა უარი დიალოგზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია, რომ ისინი მზად არიან ისაუბრონ მხოლოდ ულტიმატუმზე,” – განაცხადა ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
”მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, ვინაიდან ეს არ არის გზა, რომელიც მათ ძალიან პოზიტიურ და კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს,” – განაგრძო მან. ”თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათი არჩევანია. მე იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ ეტაპზე ისინი გადახედავენ ამ პოზიციას და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის როგორც მთლიანად ოპოზიციის ამ ნაწილთან, ასევე იქ შემავალ ცალკეულ პარტიებთან და ლიდერებთან”.
პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს ისევ არაორდინალურ რეჟიმში ჩატარდა და მას არ დასწრებიან ჟურნალისტები, რომელთა მიმართ პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვა, მოქალაქეების მსგავსად, 9 აპრილის შემდეგ მოქმედებს და ჯერ-ჯერობით ამ მოხსნილა. ასევე გაურკვეველი რჩება შეიკრიბებიან თუ არა დეპუტატები პლენალურ სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)