კუკავა: სტრატეგია არ შეიცვლება

კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის სტრატეგია ეფექტური გამოდგა და უცვლელი დარჩება.

”არ ვაპირებთ სტრატეგიაში რაიმე სიახლის შეტანას. ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა, წარმატებულ სტრატეგიას კი არ ცვლიან. შეიძლება დაემატოს ტაქტიკური ნაბიჯები: ახალი ობიექტის, ახალი პიკეტის დამატება, რეგიონში გაშლა. სტრატეგია კი არ შეიცვლება”, – განაცხადა კუკავამ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2 მაისს გამოქვეყნდა.

ძირითადად არაპოლიტიკური წრეებიდან ვრცელდება ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ შესაძლოა განიხილოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობის საკითხი, ნაცვლად საპრეზიდენტო არჩევნებისა.

”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად იზიარებს პრეზიდენტის სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას, ოპოზიციის ამჟამინდელი სტრატეგია ამ ეტაპზე ”ყველაფრის ან არაფრის” ტოლფასია და ჩიხამდე მიდის. მისი თქმით, ოპოზიციამ სხვა ვარიანტებიც უნდა განიხილოს, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ტუღუშის შეხედულება, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრობდა 1 მაისს, მაშინვე უარყო და გააკრიტიკა რეზო შავიშვილმა ეროვნული ფორუმიდან. მან განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

კახა კუკავამ ასევე უარყო ის ვარაუდები, რომ პროცესი ჩიხში შევიდა. ”ჩიხში დღეს ნამდვილად ხელისუფლებაა და არა ოპოზიცია,”- განაცხადა მან საგაზეთო ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ მას პირადად არ სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან დიალოგი შესაძლებელია.

”სააკაშვილი არის შეურაცხადი… ეს არის მისი გარემოცვიდან, მისი პირადი დაცვიდან მიღებული ინფორმაცია,”- განაცხადა კუკავამ, ”ტრანკვილიზატორებზე არის ადამიანი! რის დიალოგზე წამომსვლელია?”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)