სააკაშვილი სრული ვადით აპირებს პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი არ აპირებს გადადგომას და 2013 წელს, მისი მეორე ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის პოსტზე დარჩება.
”ოთხ წელიწადში მე აღარ ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი,” – განაცხადა მან ბათუმში ”ევროპაში ყველაზე ლამაზი ოპერის” მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე 11 მაისს.
”ჩვენ აქ მარტო ამ თეატრს კი არ ავაშენებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ, საქართველოს შავიზღვისპირეთში – ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, მაღალმთიან აჭარაში, გურიაში და სამეგერლოში, შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა აფხაზეთშიც, არ იყოს სიღარიბე, ხალხი იყოს დასაქმებული და კომფორტულად ცხოვრობდეს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველო ”კვლავ აგრძელებს მშენებლობის პროცესს”.
”თქვენთან ერთად ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და როგორც დაგპირდით, ბათუმს ვაქცევთ მთელ შავი ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზ ქალაქად,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ბევრმა შესაძლოა თქვას: რა დროს ოპერის თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების მშენებლობაა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მტერი დგას, როდესაც გვშია და არ გვაქვს სამუშაოო, მაგრამ მინდა გითხრათ, ეს არის დასაქმების დამატებითი წყარო, ტურიზმის მოზიდვის წყარო. თუ დღეს აჭარა იღებს 200 ათას ტურისტს, ზუსტად ორ წელიწადში მილიონნახევარი ტურისტი ჩამოვა, ხოლო ხუთ წელიწადში 4-დან 6 მილიონამდე ტურისტი გვეყოლება. მე ამის გარანტიას გაძლევთ და იცით, რომ არასდროს არ მომიტყუებიხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანის ოჯახში შევა შემოსავალი”.
მისი თქმით, ოთხ წელიწადში, როდესაც ის აღარ იქნება პრეზიდენტი, ”ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველივე ეს უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს”.
”როდესაც მომავალი თაობა იკითხავს რა დავუტოვეთ ჩვენ მათ, იტყვიან, რომ ავაშენეთ ყველაზე კარგი ტურისტული ცენტრი შავ ზღვაზე, ავაშენეთ ყველაზე ლამაზი ოპერა ევროპაში, ავაშენეთ ახალი ბარსელონა საქართველოში და რა მთავარია უკეთესი ცხოვრება ამ და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ უნდა გავუკეთოთ ეს ჩვენს მომავალს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)