თარგამაძე საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერს მხარს

ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიესალმა ხელისუფლების წინადადებას საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნის თაობაზე, თუმცა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს და არა პრეზიდენტის ფორმულას ”ძლიერი პრეზიდენტი – ძლიერი პარლამენტი”.

მისი თქმით, ფორმულა, რომელსაც ამ ეტაპზე ქრისტიან-დემოკრატები თავაზობენ საზოგადოებას არის: “ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა და პრეზიდენტი – არბიტრი, რომელიც თავისუფალია პარტიული კუთვნილებისა და მიკერძოებისგან”.

”ჩვენთვის ამ კომისიაში მონაწილეობის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა და ამ გზით სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი დაძლევა,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, 11 მაისს გამართულ შეხვედრებზე შესთავაზა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ ის მზადაა ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრები უახლოეს დღეებში გამართოს და დასძინა, რომ ოპოზიციისგან ელის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას. 

თუმცა ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ კომისიას ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. დეპუტატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კომისიას მიუკერძოებელი იურისტი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)