ბურჯანაძე ”აქტიური ქმედებების” განხორციელებას გეგმავს

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 25 მაისს, რომ  ”აქტიური ქმედებებია” საჭირო, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქვეყანაში კრიზისია. 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს ქმედებები – თუმცა არ დააკონკრეტა ისინი – უნდა დაიწყოს 26 მაისიდან, როდესაც ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.

”ხვალ ჩვენ არ ვგეგმავთ უბრალოდ შეხვედრას, ჰიმნის სიმღერას და შემდეგ დაშლას. მე დარწმუნებული ვარ და გპირდებით, რომ აქტიურად ჩავერთვები ამაში, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურ ქმედებებს ხვალიდან,” – განაცხადა ბურჯანაძემ, რასაც მომიტინგეთა აპლოდისმენტები მოყვა.

”დიახ, ჩვენ უნდა განვახორციელოთ აქტიური ქმედებები,” – განაგრძო მან. ”რადგანაც ხელისუფლებას არ ესმის, მათ არ სურთ დაინახონ, რომ ქვეყანაში კრიზისია. ამიტომ უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ და უფრო აქტიურად უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ კრიზისი არსებობს და უნდა ვიმოქმედოთ იმ ადგილებში, სადაც უფრო მეტად შევაწუხებთ ხელისუფლებას; სადაც განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ხელისუფლებისთვის; ჩვენ ვიმოქმედებთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ მამაცურად და განვაგრძობთ ჩვენ მამაცურ ნაბიჯებს მანამ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება”.

”გარწმუნებთ, რომ არ იქნება არც ერთი ნაბიჯი უკან; მე ვიქნები თითოეული თქვენგანის გვერდით; მე განვაგრძობ ბრძოლას და ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ამ ბრძოლას წარმატებით არ დავასრულებთ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა განწირულია წარუმატებლობისთვის,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლა აუცილებლად დასრულდება წარმატებით.

”მე ვერ გამიგია, როგორ შეუძლია პოლიტიკურ პარტიას შემობრუნდეს და დატოვოს საპროტესტო ადგილი შედეგების მიღწევის გარეშე. ჩვენ ვალდებულნი ვართ შევცვალოთ ავტორიტარული რეჟიმი,” – განაცხადა მან ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში 25 მაისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)