აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია სოხუმს სტუმრობს

ევროკავშირის ეგიდით მოქმედი რუსეთ-საქართველოს ომის საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები სოხუმს სტუმრობენ, სადაც შეხვედრებს მართავენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იტყობინება ”აფსნიპრესი” 29 მაისს.

დელეგაცია, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ჰეიდი ტალიავინის მოადგილე მარიან სტაშევსკი ხელმძღვანელობს, უკვე შეხვდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.

”აფსინიპრესის” ცნობით, დელეგაცია დაინტერესდა აგვისტოს ომამდე არსებული სამშვიდობო პროცესით, დევნილთა დაბრუნების პერსპექტივითა და გალის რაიონის ქართველების პასპორტიზაციის საკითხით.

საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები 30 მაისს ზემო კოდორის ხეობას ესტუმრება.

კომისია, რომელმაც მუშაობა დეკემბერში დაიწყო, თავის საბოლოო ანგარიშს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)