საქართველო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა აქტში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საგარეო ურთიერთობების ავტორიზაციის აქტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის გაფართოებას ისახავს მიზნად და რომლის ერთი ნაწილიც საქართველოს ეხება.
ამ ნაწილში 2010-2011 წლების საგარეო ურთიერთობების ავტორიზაციის აქტი მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს წარუდგინოს ანგარიში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს მომდევნო ორი წლის არაუგვიანეს 31 დეკემბრისა იმ პროგრამების, პროექტების და საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოში განხორციელდა აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ის მიერ დაფინანსებული დახმარების პროგრამის ფარგლებში.
კანონპროექტის იმ ნაწილში, რომლის სახელწოდებაცაა ”დემოკრატია საქართველოში” ნათქვამია: ”კონგრესს მიაჩნია, რომ საქართველოში ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობის განვითარება და კონსოლიდაცია, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ასევე აღმასრულებელი შტოს და საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაციისთვის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში, ასევე კავკასიის რეგიონში სტაბილურობისთვის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.”
აქტი, რომელიც ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, რათა ძალაში შევიდეს, ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივნის ანგარიში საქართველოში აშშ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას და იმ პროგრამების აღწერას, რომელიც აშშ-მ დააფინანსა ”ჰუმანიტარული დახმარების, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების და მაუწყებლობის კუთხით”.
დოკუმენტის თანახმად, ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ამგვარი პროგრამების ეფექტურობის შეფასებას, თუ რა წვლილი იქნა შეტანილი ”საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით და ასევე იმ ღონისძიებებში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესების კუთხით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)