სააკაშვილი ”დიპლომატიურ წარმატებაზე” საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის უშედეგო მცდელობა გაეროს უშიშროების საბჭოზე გაეტანა ისეთი რეზოლუცია, რომელშიც არ იქნებოდა მითითება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ”არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება.”

მისი თქმით, მართალია გაეროს მისია საქართველოში შეჩერდა, რაც მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთს ამით გამოეცალა ”შანტაჟის ინსტრუმენტი.”

”მათ [რუსეთმა] კარგად იციან, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი დიპლომატიის პირობებში ერთი გრამი შანსიც კი რომ საქართველო დაითანხმონ ოკუპაციის დაკანონებაზე, არ არსებობს. სამწუხაროd, ალბათ მათ იმედი აქვთ, რომ ვინმე სხვა შეიძლება მოიძებნებოდეს საქართველოში, ვინც ამაზე წამსვლელი არის,” – განაცხადა მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, გუშინ იყო ”პირველი სერიოზული გამოცდა ოკუპაციის არცნობის და უკანონოდ გამოცხადების და ვფიქრობ, რომ საერთაშორიოს თანამეგობრობამ ჩვენთან ერთად ძალიან მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია და ძალიან ზუსტი პასუხი გასცა ამ მთავარ კითხვას.”

”მათი ამოცანა ჯერ-ჯერობით არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ გაეროში ამ ძალიან კონსოლიდირებული პოზიციის შემდეგ ჩვენი მოკავშირეების, როცა ყველამ დაინახა, რომ საქართველო არაფერზე არ იცვლება, იმიტომ, რომ რუსეთს ქონდა მცდელობა მოლაპარაკებოდა ირანის, ჩრდილოეთ კორეის თაობაზე რეზოლუციის; რუსეთი ცდილობდა ნებისმიერი ფასი გადაეხადა, ნებისმიერ გარიგებაზე წასულიყო ოღონდ საქართველო დაეთმო უშიშროების საბჭოს მთავარ წევრებს, მაგრამ ერთი გრამი დატორტმანება არ მომხდარა.”

”დღეს ჩვენ ვართ დარჩენილი ჩვენს ტერიტორიაზე პირისპირ უკვე გაშიშვლებულ ღია აგრესორთან და დავანებოთ ხალხნო საუბარს ’დე ფაქტო რეჟიმები’, ’სეპარატისტული ხელისუფლება’. არ არსებობს სეპარატისტული ხელისუფლება, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეჟიმი, არსებობს რუსეთის საოკუპაციო ყოფნა და რუსეთის საოკუპაციო კონტროლი საქართველოს განუყოფელ ნაწილზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)