რუსი გენერლის თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნაკლები სამხედრო განლაგდება

რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავდაპირველად დაგეგმილ 3 700 სამხედროზე ნაკლებს განათავსებს თითოეულ რეგიონში, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა.

”რუსი სამხედროების რაოდენობა ამ სამხედრო ბაზებზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში] გარკვეულწილად შემცირდება, რადგანაც ის ციფრი, რომელიც თავდაპირველად დაიგეგმა, ბევრია,” – განაცხადა მაკაროვმა ”რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში 17 ივნისს. თუმცა, ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.

”ჩვენი ძალები იქ განლაგებულია იმ მიზნით, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია იმ რეგიონებში და დაცული იქნას ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, არ იქნება ძალების ძალიან დიდი კონტინგენტი,”- აღნიშნა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)