გამყრელიძე: დასავლეთი ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე ”მინიმუმ” საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად
ალიანსი საქართველოდან ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 20 ივნისს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ”დასავლეთი სერიოზულ ზეწოლას” ახდენს ხელისუფლებაზე, რათა ”მინიმუმ” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
გამყრელიძე სწორედ ამ შესაძლებლობას უკავშირებს ოპოზიციურ აქტივისტებზე გაძლიერებულ ”ტერორს და დაჭერებს” მთელ საქართველოში, რათა ”ოპოზიციას რეგიონებში დასაყრდენი აღარ ქონდეს”.
მისი თქმით, გუშინ დააკავეს ახალი მემარჯვენეების ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით და ასევე ექვსი აქტივისტი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან; ასევე, მისი ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქტივისტები ჩუღურეთში, გორში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ადიგენში, სიღნაღში, დმანისში, ვანში, მცხეთაში, ძირითადად იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებებით.
დღესვე რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ალიანსი საქართველოდან განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პარტიის შვიდი წევრია დაკავებული ანალოგიური ბრალდებებით.
”მე მივმართავ ხელისუფლებას გონს მოეგოს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე. ”ყოველდღიურად აღნიშნულ ქალაქებში ჩოხატაურში, გორში, მცხეთაში, თბილისში მიმდინარეობს და გაიმართება საპროტესტო აქციები და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად იქნენ განთავისუფლებულები”.
იმავდროულად გამყრელიძემ მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსს ”შეაჩერონ ეს რეპრესიული მანქანა, მისცენ ოპოზიციას საშუალება, რომ გააგრძელოს მშვიდობიანი ფორმით თავის საქმიანობა, ”ან არადა ამ ქვეყანაში უბრალოდ რეალური ოპოზიცია ცოტა ხანში არ იარსებებს…. და ოპოზიციის ფუნქციას მათ [ხელისუფლების] დანიშნული და მართული ადამიანები ფორმალურად განახორციელებენ”.
მან პრესკონფენეციაზე საუბრისას ასევე უარყო ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციის რუსული ფულით, მათ შორის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მიერ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
”ჩემთვის რამოდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი ძალიან სერiოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 აპრილის წინ კრემლმა და ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა უმკაცრესად გააფრთხილეს რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველი ბიზნესმენი, რომ არც ერთი კაპიკი არ უნდა წასულიყო სააკაშვილის საწინააღმდეგო მოძრაობაში,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”რადგან დღეს მოსკოვს, კრემლს ყველაზე უფრო აწყობს სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივება და ალბათ ამის დასტურია სწორედ ის, რომ ისინი უმტკივნეულოდ ახერხებენ ისეთი სტრატეგიული ობიექტების ხელში აღებას, როგორიც არის ენგურჰესი, მამისონის მიდამოების შემოერთება, კიდევ ათასი გეგმა არსებობს და ერთ-ერთი ასეთი გეგმა არის საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)