ევროკავშირის “ტროიკა” საქართველოს სტუმრობს
ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ხელმძღვანელობით 16 ივლისს საქართველოში ჩამოვიდა სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.
დელეგაცია, რომელიც საქართველოში თითქმის სამ დღეს დარჩება, თავდაპირველად ბათუმში ჩავა და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება.
ევროკავშირის ტროიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან წარმომადგენლები ევროკომისიიდან და ესპანელი დიპლომატი სანტიაგო ჩამორო, რომელიც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელია, ერთ დღეს, 17 ივლისს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან გაატარებს.
16 ივლისს თავის ბლოგზე კარლ ბილდტმა დაწერა, რომ დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის დამკვირვებლებს ”ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში”.
ევროკავშირის მისიის განცხადებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ”თავად მოინახულებს სიტუაციას ადგილზე როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე”.
18 ივლისს თბილისში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას; დამოუკიდებელ ოპოზიციურ პოლიტიკოსს ლევან გაჩეჩილაძეს და ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს.
კარლ ბილდტმა ასევე დაწერა თავის ბლოგში, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს განხილულ იქნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის და რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)