”პოლიტპატიმრების” ოჯახები აქციის გამართვას გეგმავენ

”პოლიტპატიმრების” ოჯახები 22 ივლისს, თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტისას აეროპორტის ტრასაზე აქციის გამართვას გეგმავენ სახელწოდებით – ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. 

აქციის ორგანიზატორის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას არ აპირებენ. 

მისი თქმით, აქციის მთავარი მიზანია ჯო ბაიდენს გააცნონ ყველა პოლიტპატიმრის სახელი და გვარი და მოხდეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინფორმირება საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ ”კატასტროფულ მდგომარეობაზე”.

16 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დღეისათვის დაახლოებით 80 პოლიტპატიმარია, რომელთა დაკავებაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა. მისი თქმით, დაგეგმილი აქციის მიზანია ამ პატიმრების გათავისუფლების მიღწევა.

22-23 ივლისს ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს აქციის გამართვას ოპოზიციაც გეგმავს იმის დემონტრირებისათვის, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიის გაძლიერება სურს და ამისთვის აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)