ოპოზიცია სააკაშვილის გამოსვლაზე კომენტარს აკეთებს

ოპოზიციური პოლიტიკოსების უმეტესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მისი დაპირებები უფრო მეტი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თაობაზე იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტისთვის გამიზნული PR ქმედება.

”მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ შესწევს უნარი ადექვატურად შეაფასოს ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არსებობს; მას არ ესმის, რომ ადგილობრივი არჩევნების ოთხი თვით გადმოტანა ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

”ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს რეალური ნება იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომლებიც წარმოადგინა [პრეზიდენტმა]; მხოლოდ მაშინ ექნება აზრი ვადამდელ არჩევნებში, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, თუ დავინახავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან,” – განაცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. 

ალასანიამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ მისი ახლად შექმნილი პარტია მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ არჩევნებში, თუ შეიქმნება პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.    

”ის წინადადებები, რომელიც გაკეთდა სააკაშვილის მხრიდან, გამიზნული იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისთვის. ერთის მხრივ, ის საუბრობს დიალოგზე და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და მეორეს მხრივ, მის საუბარში შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ არის აგრესიული ტონი, დამცინავი ტონი და ქილიკის ტონი,” – განაცხადა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.

”სერიოზული შეკითხვები დაისვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან და არც ერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაცემულა. პრეზიდენტი ერთპიროვნულად და თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას როდის უნდა დაინიშნოს არჩევნები. არც ერთ ამომრჩეველს ადგილობრივი არჩევნების გადმოტანა არ უთხოვია,” – განაცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ.

გუშინ პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების 2010 წლის 30 მაისს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ნაცვლად ადრე დაგეგმილი შემოდგომისა.

კონსერვატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა თავისი ხანგრძლივი სიტყვა ოპოზიციის ლიდერების და ათასობით მომიტინგის შეურაცხყოფისთვის გამოიყენა.

”მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიხეილ სააკაშვილის ჩვეულ ”იმპულსურ“, გაუწონასწორებელ მართვის სტილს, რაც ხშირად ელემენტალური უზრდელობის სახეს ატარებს,” – ნათქვამია კონსერვატორების განცხადებაში. ”ხანგრძლივი გამოსვლა ძირითადათ ოპოზიციის ლიდერების და ბოლო თვეებში მიმდინარე აქციების ასიათასობით მონაწილეების ლანძღვისა და შეურაცხყოფისათვის იქნა გამოყენებული; არც ერთი სიტყვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ; არც ერთი სიტყვა ტელეკომპანია ”იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის შესახებ; არც ერთი სიტყვა ”ზონდერ ბრიგადების“ საქმიანობის გამოძიების შესახებ; არც ერთი სიტყვა პლასტიკური ტყვიების ლეგალიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტის თობაზე”. 

”განსაკურებით მოურიდებელი იყო როდესაც მან უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით ერთმორწმუნე ეკლესიების შუამავლობის შესახებ ”სულელური საუბრები“ უწოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.  

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ ”დაადასტურა მხოლოდ, რომ ქვეყნისთვის არაფერი არ შეუძლია”.

”ადგილობრივი არჩევნები ისედაც დანიშნული იყო 2010 წელს – 4 თვით გადმოიწია მხოლოდ, რაც არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ წყვეტს.  ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, ამას არ გამოვეხმაურებით დადებითად,” – განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)