თბილისი უარყოფს ოსური მხარის ინფორმაციას სროლების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფრომაცია, რომ ქართული სოფლიდან შაბათს დილით ნაღმტყორცნიდან ორი გასროლა განხორციელდა.

სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით, ცეცხლი ოსური საგუშაგოს მიმართულებით სოფელ დიციდან გაისხნა, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს.

”არანაირი სროლა არ ყოფილა,” – განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ მისია ინფორმირებულია ამის თაობაზე და დამკვირვებლები ამჟამად ამ ინფორმაციის გადამოწმების პროცესში არიან.

იმავდროულად, 31 ივლისს ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების წარმომადგენლებმა ერგნეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, რათა 29 ივლისს მომხდარი ინციდენტი განეხილათ. რუსული მხარე შეხვედრას არ დასწრებია.

თბილისმა და ცხინვალმა ერთმანეთი დაადანაშაულეს 29 ივლისს ცეცხლის გახსნაში და 31 ივლისის შეხვედრაზე მხარეებმა კვლავაც ”გაიმეორეს მომხდარის საკუთარი ვერსიები,” იტყობინება ევროკავშირის მისია.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში მოუწოდა მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება განცხადებებში და ქმედებებში, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც შესაძლოა პროვოკაციულად იყოს აღქმული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)