ნატოს ახალი გენმდივანი საქართველოზე და რუსეთზე საუბრობს

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთთან არსებულმა უთანხმოებებმა, მათ შორის საქართველოზე, ”არ უნდა გადაჩრდილოს უსაფრთხოების კუთხით არსებული საერთო ინტერესები”, რომელიც ალიანსს რუსეთთან გააჩნია.

ნატოს გენერალურ მდივნის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა შეიმუშავოს ”ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან”, მათ შორის ავღანეთზე, კონტრტერორიზმზე და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”მე მეოცნებე არ ვარ. აშკარაა, რომ იქნება ფუნდამენტური საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით”.

”მაგალითად, ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის პატივი სცეს თავისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ თავისუფლებას,” – განაცხადა რასმუსენმა პრეს-კონფერენციის დასაწყისში გახსნითი სიტყვით გამოსვლისას.

”მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება უთანხმოებებს ამ საკითხებზე რომ გააფუჭონ ჩვენს შორის მთლიანი ურთიერთობები,” – დასძინა მან.

კითხვა-პასუხის დროს ახალმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა: ”ჩვენ [რუსეთთან] უამრავი საერთო ინტერესები გვაქვს უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამ მიზეზის გამო მე ვფიქრობ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ამ განსხვავებულმა პოზიციებმა არ უნდა გადაჩრდილოს უსაფრთხოების სფეროში ძირეული ინტერესები; და ჩემი პრაგმატული მიდგომაა, რომ ჩვენ უნდა შემდგომშიც განვავითაროთ პრაქტიკული თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს უსაფრთხოების კუთხით”.

კითხვაზე, კვლავაც რელისტური არის თუ არა საქართველოს და უკრაინის ნატოს წევრობის კანდიდატებად განხილვა, რასმუსენმა უპასუხა ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გახსენებით და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ დღეს გახდებიან წევრები თუ ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

”ამ ეტაპზე ისინი ვერ აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს, ამრიგად ახლა ეს ჰიპოთეტური კითხვაა,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ შარშან დეკემბერში ნატომ გადაწყვიტა დაიწყოს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან, რათა დაეხმაროს მათ შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში.
 
მისი თქმით, იგი სრულად იზიარებს ”ნატოს ღია კარის პრინციპს”.

”ნატოს გაფართოებამ უკვე წარმოაჩინა მისი ძალა დაეხმაროს სტაბილურობას და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას; ვიმედოვნებ ეს გაგრძელდება ჩემი უფლებამოსილების ვადაში,” – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)