სააკაშვილი აგვისტოს ომის წლისთავზე ერთობისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 აგვისტოს ქართველ ერს ერთობისკენ მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლაში ”ცრუ, დაუნდობელი და სრულიად უსინდისო ძალის წინააღმდეგ”.
მან ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მიმართა ქართველ ერს გორიდან, რომელიც ცხინვალთან ერთად ყველაზე მეტად დაზარალდა შარშანდელი ომის დროს. სააკაშვილი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის ფონზე იდგა. მისი სიტყვით გამოსვლამდე სიმფონიურმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რასაც მოყვა ევროკავშირის ჰიმნი, ბეთჰოვენის ”სიხარულის ოდა”.
”ჩვენი ერი აღმოჩნდა ბრძოლაში საკუთარი არსებობისთვის. 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის განადგურების რუსული გეგმა, ყველაზე დაუნდობელი და უმოწყალო ფორმით, იქნა მოყვანილი მოქმედებაში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ძველი კგბ-ს შთამომავლებმა გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვათ ე.წ. საქართველოს პროექტისთვის, ანუ ჩვენი საერთო მცდელობისთვის, ჩემო ძვირფასებო, შეგვექმნა კავკასიაში თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო,” – განაცხადა სააკაშვილმა.
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა პატივი მიაგო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების და მოქალაქეების ხსოვნას და ათობით სამხედროს სახელი ჩამოთვალა და ბევრი ისაუბრა მათ, როგორც მან თქვა, გმირობაზე და თუ როგორ დაიღუპნენ ბრძოლაში. მან რამოდენიმე ადგილობრივი მკვიდრის სახელიც ჩამოთვალა, რომლებიც, მისი თქმით, მოკლეს ”მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ”.
”ნუთუ ეს არ არის ის, რასაც ეწოდება დანაშაული კაცობრიობის წინაშე,”- განაცხადა სააკაშვილმა. ”მე ვეკითხები მსოფლიოს დღეს, რისი მაგალითი იყო ეს, თუ არა ბარბაროსული ეთნიკური წმენდის, რომელსაც სიტყვებზე ყველა ვგმობთ, მაგრამ ძალიან არ გვინდა ხშირად თვალის გასწორება არსებული სინამდვილისთვის და რეალობისთვის… არის ეთნიკური წმენდა ნებადართული 21-ე საუკუნის ევროპაში?”
მისი თქმით, საქართველო ”წინა ხაზზეა” და იბრძვის ”ცრუ, დაუნდობელი და სრულიად უსინდისო ძალის წინააღმდეგ”.
”საქართველომ პირველმა მიიღო დარტყმა ამ აღორძინებადი ახალი იმპერიალიზმის,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენი ძალა იმის ცოდნაში, თუ რისთვის ვიბრძვით – ჩვენ ვიბრძვით ერთიანი, დემოკრატიული საქართველოსთვის”.
”დღეს, როდესაც ჩვენ პატივს მიმაგებთ ჩვენ დაღუპულ თანამემამულეებს, მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს გაერთიანდეს დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის”.
”განსხვავებული აზრი, პლურალიზმი და ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ არის დრო ერთიანობის… მხოლოდ ერთიანობაა წამალი. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია,” – განაცხადა მან. ”მე არ ვამბობ, რომ ყველანი ერთნი ვართ, მაგრამ ოკუპანტის წინაშე ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი – თავისუფალი საქართველო”.
მისი თქმით, ერთობა ის გზაა, რომელიც საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს.
”ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ დამპყრობლები, მაგრამ არა ომით, რა თქმა უნდა – არა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ დამპყრობლები მშვიდობით, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, მუდმივი განვითარებადი ეკონომიკით, ევროპასთან უფრო მეტი ინტეგრაციით,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს დაგვეხმარონ მშვიდობის დაცვაში და დაგვეხმარონ, რათა არ მივცეთ დამპყრობელს უფლება კიდევ უფრო წინ წამოიწიოს [საქართველოს ტერიტორიაზე], არამედ პირიქით ვაიძულოთ, რომ დაიხიონ”.
მისი თქმით, საქართველოს ახლა ძლიერი მოკავშირეები ყავს და იგი ”მარტო არ არის” და იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც მიიჩნეოდნენ რუსეთის ”ბუნებრივ ან სავალდებულო მოკავშირეებად”, უარი თქვეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.
”ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევით ჩვენი გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ დღეს უფრო გახსნილია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენი გზა არის სწორი, ფასეულობები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, არის ჭეშმარიტი და ნურასდროს დაგვავიწყდება ეს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”მინდა მოგიწოდოთ ყველას, მოდით ერთად ჩვენ თვითონ დავწეროთ ჩვენი მომავალი. ნურავის ნუ მივცემთ ამ უფლებას ჩვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები, ჩვენ განგვისაზღვროს მომავალი, ჩვენს მაგივრად გადაწყვიტოს რა არის მთავარი. მოდით ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. გავერთიანდეთ და აუცილებლად, აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)