ჰაბერი: დვანის შეხვედრა ’პოზიტიურ ატმოსფეროში’ წარიმართა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უკანასკნელმა ორმა კვირამ ”იმაზე გაცილებით მშვიდად ჩაიარა”, ვიდრე ეს ”მედიაში გაკეთებულ განცხადებებში ჩანდა”, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 14 აგვისტოს.

მისი განცხადების თანახმად, ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში გამართულმა მესამე შეხვედრამ ”ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა”. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით დვანში ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარეების მონაწილეობით გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები.

”ყველა მონაწილე იყო ძალიან კონტრუქციული, რა თქმა უნდა, თავიანთი პირვანდელი პოზიციების შეუცვლელად,” – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს უკანასკნელ პერიოდში მომხდარი რამოდენიმე ინციდენტი, მათ შორის დაკავებების და ადამიანების გატაცებების შესახებ ცნობები. რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა რომ რამოდენიმე ქართველი მწყემსი იქნა დაკავებული სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავების მიერ ”საზღვრის გადაკვეთის” გამო. ისინი მალევე გამოუშვეს. 

”ამგვარი საქმეების მიმართ პრაგმატული მიდგომის თაობაზე იყო საერთო განწყობა [შეხვედრის დროს]; დაკავების ნაცვლად, უნდა მოხდეს მათი უკან გამობრუნება. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება,”- განაცხადა ჰაბერმა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა შევამციროთ ცნობები ღამის საათებში მომხდარი სროლის ინციდენტების შესახებ; თუმცა ზოგადი აზრი [შეხვედრის დროს] იყო რომ არანაირი სერიოზული ინციდენტი, რომლის მიზანიც სიტუაციის ესკალაცია იქნებოდა, არ მომხდარა,” – დასძინა მან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, მხარეები ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში მორიგ, მეოთხე შეხვედრაზე 3 სექტემბრისთვის შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)