პუტინი: რუსეთი საქართველოს სავალუტო ფონდის მეშვეობით ეხმარება
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მეშვეობით.
”რუსეთი უწვეს ფინანსურ დახმარებას საქართველოსაც,”- განაცხადა პუტინმა მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ საქართველო არცთუ ცოტა თანხებს იღებს სსფ-სგან. ჩვენ ვართ სსფ-ის აქტიური წევრი და რეგულარულად გამოვყოფთ ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის საკმაო რესურსებს, რომელიც შემდეგ ნაწილდება იმ ქვეყნებზე, რომელთაც ეს ესაჭიროებათ, მათ შორის საქართველოზეც,”- აღნიშნა მან.
”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული საქართველოს დამცირებაში, იმაში, რომ იყვნენ დამარცხებულები და გამარჯვებულები,”- განაგრძო მან, ”ჩვენ გვაინტერესებს სტაბილური სიტუაციის შექმნა, რომელიც კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ყველა ერს მისცემდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიას გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში”.
პუტინის ეს პასუხი მოჰყვა შეკითხვას რუსეთის მიერ ცხინვალის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი აპირებს სეპარატისტულ რეგიონს გამოუყოს 10 მლრდ რუბლი (დაახლოებით 317 მლნ აშშ დოლარი), საიდანაც 2.8 მლრდ რუბლი იქნება საბიუჯეტო დახმარება და 8.5 მლრდ რუბლი მოხმარდება ინფრასტრუქტურის აღდგენას. მან ასევე აღნიშნა, რომ 8.5 მლრდ რუბლიდან 3.5 მლრდ რუბლი უკვე გამოყოფილია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)