თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით სიხარულიძე შეცვალა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად გადავა.

ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას 27 აგვისტოს გაახმოვანა. 

ბაჩო ახალაია, რომელსაც ოქტომბერში 29 წელი შეუსრულდება, დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო; 2005 – 2008 წლებში ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; 2004 – 2005 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე 2003 წლიდან ”თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა.

სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის პერიოდში ახალაია ხშირად იყო კრიტიკის სამიზნე ოპოზიციის, ადამიანის უფლებთა დამცველებისა და ომბუდსმენის სოზარ სუბარის მხრიდან. პრაქტიკულად, ის დაადანაშაულეს  2006 წელს თბილისის მე-5 საპრყობილეში მომხდარი ბუნტის ინსპირირებაში, რომელიც სპეცრაზმის მიერ დარბევითა და შვიდი პატიმრის სიკვდილით დასრულდა.

სააკაშვილის განცხადებით, ახალაია არის ”მაღალი დონის ევროპული განათლება მიღებული კადრი”, რომელსაც ”ბევრი მტერი ჰყავს” სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამო.

”დღეს ჩვენ ციხეს აღარ მართავს კანონიერი ქურდი და დღეს დანაშაული აღარ იმართება ციხიდან,”- განაცხადა მან, ”აი ამ კაცმა [ბაჩო ახალაიამ] გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ვერ გავაკეთე. და გააკეთა ძალიან მკაცრი ზომების გატარების ხარჯზე… და ჩვენ ვაპირებთ ასევე გავაგრძელოთ ამ [თავდაცვის] სისტემაში მუშაობა”.

”ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად უფრო მეტად მკაცრი ხელია საჭირო ამ უწყებაში,”- განაცხადა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე,

”ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა შემდგომი აგრესიისგან. ამას ჩვენ ვერავის ვერ გადავაბარებთ და ამ გადაწყვეტილებებს ჩვენს გარეშე ვერავინ ვერ მიიღებს,” – განაგრძო მან, ”ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად უღირს მშვიდობა იმიტომ, რომ ჩვენ ვიგებთ მშვიდობას, მაგრამ ამავე დროს, იმისათვის რომ მშვიდობა ჩვენ ბოლომდე მოვიგოთ, ომის თავიდან აცილებას ყოველთვის სჭირდება მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და მუდმივი წინსვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების”.

სააკაშვილმა პირველად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ზაფხულს თბილისის გარშემო საფორტიფიკაციო სამუშაოები ჩატარდა და ამ პროცესს ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.

”ეს ხაზები შექმნილია, თავდაცვის ზღუდეები შექმნილია და ძალიან მოკლე პერიოდში მან [ახალაიამ] გაწია ძალიან კარგი საორგანიზაციო მუშაობა,”- აღნიშნა პრეზიდენტმა, ”ისევე როგორც მას ჰქონდა ჩაბარებული გენშტაბთან ერთად ზოგადი კონტროლი ბრძოლისუნარიანობის ამაღლების და გარკვეული მიღწევები ამ მიმართულებით გვაქვს, თუმცა ძალიან ბევრია კიდევ ამ მიმართულებით გასაკეთებელი”.

მისი თქმით, გაგრძელდება არსებული პოლიტიკა თავდაცვის სფეროში, მათ შორის ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაგზავნის ვალდებულების შესრულების, ნატოსთან თავსებადი რეფორმების გაგრძელების და სამხედრო დოქტრინის დახვეწის კუთხით.

”ძალიან სიღრმისეულად უნდა გადაფასდეს აქ ყველაფერი და ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან  მნიშვნელოვანი, მათ შორის ზოგჯერ ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებანი, შიდა რეფორმირების კუთხით,”- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თავდაცვის უწყებას საბიუჯეტო დაფინანსება არ გაეზრდება, რაც ”არსებული რესურსების უფრო რაციონალურ გამოყენებას” საჭიროებს. 

თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ცვლილება უკვე მეორე საკადრო გადაწყვეტილებაა მთავრობაში  მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრად ლაშა ჟვანიას ნაცვლად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დავით სიხარულიძემ, რომელმაც მინისტრის პოსტზე მხოლოდ 9 თვე იმსახურა, ”დრამატულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი გასწია”, თუმცა ”მე მაინც ბოლომდე დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებ ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას და მზადყოფნას შემდგომი ძალიან საშიში აგრესორის მოქმედებების შეკავების კუთხით”.

ბოლო პერიოდში პრესა სულ უფრო ხშირად წერდა, რომ დავით სიხარულიძეს თანამდებობიდან წასვლა ბაჩო ახალაიასთან არსებული უთანხმოების გამო სურდა. ამავე ცნობების თანახმად, სიხარულიძის შემცვლელად დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ამ თანამდებობაზე დათანხმების პირობად ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან წასვლას აყენებდა. ბაჩო ახალაიას ფიგურას უკავშირდებოდა ასევე მარტში გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეცვლის საკითხი, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ იქნა გადაყვანილი, სავარაუდოდ, ახალაიასთან არსებული უთანხმოების გამო.

ახალაიას ოპოზიციამ ”ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დისკრედიტებული წარმომადგენელი” უწოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)